Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი, სადეპუტატო მანდატები და კონსტიტუციის სათუო ცვლილება


3 ნოემბერი, აქცია რუსთავის ციხესთან
3 ნოემბერი, აქცია რუსთავის ციხესთან

პოლიტიკური დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ შესაძლოა გადაიხედოს პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტი და შეუძლებელი გახდეს, მაგალითად, 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს.

  • რა ცვლილებებს უჭერს მხარს ოპოზიცია და როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება?
  • რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ შეცვლის კანონპროექტის ჩანაწერს?

მანდატების არითმეტიკა და კონსტიტუცია

იმისათვის, რომ, მათ შორის - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდეს, სულ ცოტა, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

შესაბამისად, მანდატებზე უარის თქმის გადავადება მოუწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას ყველა დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემდეგ გააგრძელებს.

  • მანდატებზე უარის თქმის მოწოდებას, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ 1 ნოემბრის წერილში იყო ხაზგასმული, სწრაფად გამოეხმაურა სამი დეპუტატი. მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადებები გააკეთეს: ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ;
  • 2 ნოემბერს აზრი თავად მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალა და განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა შეინარჩუნონ უფლებამოსილება, რათა მათ შეძლონ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და ასევე მასთან ციხეში შესვლაც გაუადვილდეთ.

ენმ-მ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოაცხადა პარლამენტის სხდომების ტექნიკური ბოიკოტი და მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარლამენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით ჯერჯერობით არც სხვა ოპოზიციონერებს მიუმართავთ.

"ლელოს ლიდერმა" მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადება 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე გააკეთა. როგორც 3 ნოემბერს „ლელოში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, საკითხის გადადება არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ ოპოზიციური კოალიციის მიერ რეგიონებში აქციების გამართვის პროცესს უკავშირდება. „ჩამოვა და დაწერს განცხადებას, პროცედურის მიხედვით“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ლელოში“.

ოპოზიციის აქცია 2 ნოემბერს - ბათუმში, ხოლო 3 ნოემბერს - ზუგდიდში გაიმართა. კოალიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული ტურნე აქვს ზურაბ ჯაფარიძესაც, "გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერს, რომელიც ასევე აპირებს მიმართოს პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში დარჩენას არავის შეეხვეწებიან და უფლებამოსილებას ყველა მსურველს მოუხსნიან. ასევე, ცინიკურად უყურებენ ენმ-ის მიერ შეცვლილ გადაწყვეტილებას.

„მიხვდნენ, რომ ეს მათი არაადეკვატური საქციელი არ იქნებოდა გამოსადეგი არც თავად მათთვის და ამის შემდეგ ცვლიან გადაწყვეტილებას... ეს შესაძლებელია იყოს განპირობებული მათი აგონიით, დაბნეულობით, მარცხით, რომელიც ისედაც იყო მოსალოდნელი, მაგრამ თავად მათ ამის არ სჯეროდათ“ - თქვა 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ქსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის წინასწარმა განცხადებებმა - საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით - შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტზე უარის თქმის საბაბი მისცეს. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერები სხვა მიზეზებსაც ასახელებენ.

ცვლილებები - იქნება თუ არ იქნება?

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 7 სექტემბერს მიიღო. 91 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე დარჩენილია კიდევ ორი მოსმენა.

თუკი ეს პროცესი გაგრძელდება, უკვე ჩანს, რომ გარდაუვალი იქნება მწვავე კამათი უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის.

ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პროექტში საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ცვლილებების თანახმად:

  • მომავალი ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით (მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით) ჩატარდება;
  • დაწესდება 2%-იანი ბარიერი;
  • რადგან წლები არ არის დაკონკრეტებული, ეს პირობები შეეხება შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც,

საყოველთაო სახალხო განხილვისა და პირველი მოსმენით მიღების ეტაპებზე თითქოს ყველაფერი შეთანხმდა და ცვლილებებს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამაც. თუმცა პროცესის გაჭიანურება და მმართველი პარტიის ლიდერების ბოლო დღეების განცხადებები ოპოზიციას მიანიშნებს, რომ - შესაძლოა პროექტი შეიცვალოს, ანდა ჩავარდეს კიდეც.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ შესაძლოა, „უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის“, თუკი ძალაში ისევ უკვე დამტკიცებული, ძველი სისტემა დარჩება და პარლამენტს ცვლილებების მიღების „არავითარი ვალდებულება“ არა აქვს.
  • საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელებას „კეთილ ნებას“ უწოდებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. მისი განცხადებით, შესაძლოა ასევე გადაიხედოს კანონპროექტის ტექსტი და დაკონკრეტდეს, რომ, დაბალი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით, პირველი არჩევნები 2024 წელს ჩატარდეს. ასეთი ჩანაწერი ავტომატურად გამორიცხავს ახალი სისტემით შესაძლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

„ქართულ ოცნებაში“ არ აკონკრეტებენ, თუ როდის შეიძლება გაგრძელდეს განხილვის პროცესი. აღინიშნება მხოლოდ ის, რომ - განხილვაზე უარს არ ამბობენ.

ოპოზიციის მოლოდინი

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით განხილვის პროცესის გაგრძელების ნიშნები „ჰორიზონტზეც არ ჩანს“.

„მის („ქართული ოცნების“) სიტყვას ფასი არა აქვს. უპასუხისმგებლობა და დაპირების არშესრულება მათი სტილია... ახლა დაიწყეს ამ საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება... ამიტომ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხთან დაკავშირებით ისევ ჩემს აზრზე ვრჩები - არ უნდა მივცეთ უმრავლესობას ოპოზიციამ საბაბი, რომ ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა ჩააგდოს.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ საქართველოში კოალიციურ მთავრობაზე, ერთპარტიული მმართველობის დასრულებაზე და პარალელურად, ვადამდელ არჩევნებზე, ამის საშუალებას ამ კანონპროექტის დამტკიცება იძლევა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია თადარიგს იჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ.

ოპოზიციური კოალიციიის სააპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ არის, მაგრამ მათი კომენტარებიდან ჩანს, რომ პროცესი სწორედ ამ მოთხოვნისკენ მიდის.

მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა, საპატიმროდან გამოგზავნილ ერთერთ წერილში დაწერა, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში "რიგგარშე არჩევნები 10 დღეში დაინიშნება".

თუკი კონსტიტუცია არ შეიცვლება

თუკი კონსტიტუცია არ შეიცვლება, 2024 წლამდე საარჩევნო სისტემა ისეთივე დარჩება, როგორიც იყო 2020 წლის არჩევნების დროს; ხოლო 2024 წელს, არჩევნები არა 2%-იანი, არამედ 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ამჟამად მოქმედი ჩანაწერით:

  • 2024 წლამდე ყველა საპარლამენტო არჩევნები (შესაძლო ვადამდელიც) ისევ შერეული წესით ჩატარდება: 150-წევრიან პარლამენტში 120 დეპუტატი პარტიული სიით შევა, ხოლო 30 დეპუტატი - მაჟორიტარული წესით. პარტიებს მხოლოდ 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, მაგრამ 5%-იანი ბარიერით.

თუკი 2 ოქტომბრის არჩევნების პროპორციული ნაწილის ოფიციალური შედეგებით ვიმსჯელებთ, 5%-ანი ბარიერით, პარლამენტში მხოლოდ 3 პარტია შევიდოდა: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ასევე, „ქართული ოცნება“ იოლად მოახერხებდა საპარლამენტო უმრავლესობის შექმნასა და მთავრობის დაკომპლექტებას.

კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილე კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ბარიერის შემცირების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა პარტიებისთვის და მათთვის „დიდ განსხვავებას იძლევა ისიც კი, 2%-იანი იქნება ბარიერი თუ 3%-იანი“.

ასევე დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობდა საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას.

„ვფიქრობ, რომ ცვლილებების დამტკიცება დაამშვიდებს ოპოზიციის ერთ დიდ ნაწილს, რომელიც ბოიკოტის წინააღმდეგია. ამ ცვლილებების მიღება შემოიტანდა გარკვეულ სიმშვიდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ - გვეუბნება კონსტიტუციონალისტი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის მხარს არ უჭერს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

ზოგადად, სრულად პროპორციულ სისტემასა და დაბალ ბარიერს ექსპერტები და პოლიტიკოსები განიხილავენ ძლიერ მექანიზმად, რომელსაც საქართველოში მანკიერი ერთპარტიული მმართველობის დასრულება და კოალიციური, კონკურენტული მმართველობის ხელშეწყობა შეუძლია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG