Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა, ბიუჯეტი, ფართობი... რა ვიცით წალენჯიხაზე?


მას შემდეგ, რაც წალენჯიხის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავიდა, გაჩნდა იდეა, ეს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების ცენტრად იქცეს. რამდენად აქვს წალენჯიხას ამის პოტენციალი და საერთოდ რა ვიცით წალენჯიხაზე?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (64 715 ჰექტარი) მთიანი სამეგრელოს, ე. წ. ლაკადას ნაწილია და იქ 46 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება: 18 წლამდე - 8 455, 18-დან 55 წლამდე - 26 832, 55 წელს ზემოთ - 11 230.

მუნიციპალიტეტში შედის 48 სოფელი და ორი ქალაქი: წალენჯიხა და ჯვარი. აქ არის: 30 საჯარო სკოლა, 35 საბავშვო ბაღი, 4 მუზეუმი, 21 ბიბლიოთეკა, 15 საკლუბო გაერთიანება, სპორტული ცენტრი და საშუალო პროფესიული სასწავლებელი.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მაგალითად, 2020 წელს ის 17,9 მლნ ლარს შეადგენდა და ეს თანხა მუნიციპალიტეტის ბოლო წლების ბიუჯეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მის დაახლოებით ნახევარს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს, დანარჩენი თანხა კი ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერია.

წალენჯიხაში მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია თხილის გადამუშავება (გაშენებულია კერძო სექტორში 4500 ჰა-ზე), სამშენებლო მასალების (ქვიშა, ღორღი) წარმოება და კირქვული ქანების კარიერების დამუშავება. საკვები და სავაჭრო ობიექტები წალენჯიხასა და ჯვარში მდებარეობს, სოფლებში - ნაკლებად. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. სულ რეგიონში 14 000-მდე სული მსხვილფეხა პირუტყვია აღრიცხული.

წალენჯიხა ტურისტებისთვის

წალენჯიხაში ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი სკური, რომლის მინერალურ წყალს 1920 წლიდან სამკურნალო სტატუსი აქვს.

რომანი თოლორდავა, ფოტოხელოვანი: სკური რეკრეაციული ტურიზმისთვის ძალიან საინტერესო ადგილია: სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ალპური ზონა... ზოგადად, წალენჯიხას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ მდებარეობს ყვირას მასივი, სადაც არის ცოტნე დადიანისა და ალბოვის უფსკრულები. იქიდან ულამაზესი მარშრუტით გადადიხარ ალპურ მთებში, სადაც ჭითაგვალას ტობავარჩხილი მდებარეობს. თავად ჭითაგვალა სამეგრელოში ყველაზე მაღალ წერტილად ითვლება, 3223 მეტრია. წალენჯიხაში ასევე არის ინწრას ჩანჩქერი, ინწრას კანიონი და, რა თქმა უნდა, ენგურჰესი. ახლა ენგურზე ჩამოსასვლელი ბილიკები, ლიფტები, ნავებით გასასეირნებელი კეთდება“.

ტობავარჩხილის ტბა
ტობავარჩხილის ტბა

ცოტა რამ ისტორიიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ წალენჯიხა რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში, პირველად მაშინ, როდესაც დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ძველ ხიბულაში დაიღუპა, შემდეგ კი ვარდების რევოლუციის დროს. 2003 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით რეგიონებიდან თბილისისკენ ავტობუსებით დაიძრნენ. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც ოპოზიციის ლიდერი და მომავალი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

ვარდების რევოლუცია, 22 ნოემბერი, 2003 წელი
ვარდების რევოლუცია, 22 ნოემბერი, 2003 წელი

წალენჯიხა, მეგრულად „წენდიხა“ - ჯიხა მეგრულად ციხეს ნიშნავს, დიხა - მიწას. ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას მიაჩნდა, რომ „წენი“ ანუ „წანი“ ჭანურ-მეგრული განშტოების ერთ-ერთი ტომი იყო.

წალენჯიხაში შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი: სქურის, ჯვარის, ობუჯის, ლეშამგეს ეკლესიების და შუა საუკუნეების ციხეების ნაშთები. განსაკუთრებით გამოარჩევენ მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს, რომელიც X-XII საუკუნეებით თარიღდება. აქ იმარხებოდნენ სამეგრელოს მთავრების, ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები, აქვეა დაკრძალული ლევან მეორე დადიანიც.

მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

მე-19 საუკუნეში წალენჯიხიდან დაიწყო გლეხთა აჯანყება, რომელსაც სათავეში ადგილობრივი მჭედელი უტუ მიქავა ედგა. მაშინ აჯანყებულებმა ზუგდიდის აღება მოახერხეს, მაგრამ ეკატერინე დადიანმა დასახმარებლად რუსეთს მიმართა, რასაც გლეხების დამარცხება და უტუ მიქავას არხანგელსკში გადასახლება მოჰყვა.

ტერენტი გრანელი
ტერენტი გრანელი

წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა ტერენტი კვირკველია, იგივე გრანელი. მისი სახლ-მუზეუმი დღემდე არის შემორჩენილი. ყოველ 10 ოქტომბერს - პოეტის გარდაცვალების დღეს - წალენჯიხაში გრანელობა იმართება.

„ახლოს მტერია დაუნდობელი

და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი.

ჩანს წალენჯიხა - ჩემი სოფელი,

ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი“ (ტერენტი გრანელი).

წალენჯიხა ახალი ვანდეა?

მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა, ეს რეგიონი მომავალი ცვლილებების სიმბოლო გახდა.

მამუკა ხაზარაძე, „ლელოს“ ლიდერი: გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში“.

ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება წალენჯიხაში რამე ახალი ბიზნესი დაიწყოს.

მოვუწოდებ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს! კალაძის კორუფციის დაფინანსების ნაცვლად და თბილისის კი არა, მისი ჯიბის ბიუჯეტის გამდიდრების ნაცვლად, გადაიტანეთ თქვენი ბიზნესის იურიდიული მისამართი წალენჯიხაში და ერთად ავაშენოთ თავისუფალი ხალხის თავისუფალი ტერიტორია!“, - დაწერა „მთავარი არხის“ საიტზე არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) გვპირდება, რომ წალენჯიხაში ახალ ოფისს - „დემოკრატიის ჰაბს“ გახსნის.

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების, საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდაჭერა და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების წახალისება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ წალენჯიხას დიდი ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია და ის ვერ შეასრულებს ვანდეას (კონტრრევოლუციის კერა საფრანგეთში) როლს, როგორც ეს ზოგს წარმოუდგენია.

კორნელი კაკაჩია: ეს არც ბათუმია და არც ქუთაისი. სიღარიბე და ყველა ის პრობლემა, რომელიც დანარჩენ საქართველოშია, აქ კიდევ უფრო მძაფრად აისახება. ახალგზარდები ცოტანი არიან. ამიტომ ვარდისფერი სათვალით არ უდა შევხედოთ ამ ყველაფერს. წალენჯიხა უფრო სიმბოლოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ შეიძლება რამის გაკეთება“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG