Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა ასე არ ვფიქრობთ" - მოსამართლეთა ნაწილი ელჩების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ემიჯნება


მოსამართლეთა ერთი ნაწილი არ ეთანხმება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სახელით გავრცელებული იმ განცხადების შინაარსს, რომელშიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოთქმული შეფასებების კრიტიკა იყო გამოხატული. ამ მოსამართლეთა ნაწილმა განცხადებები "ფეისბუკით" გაავრცელა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ ამ საკითხზე გამოხმაურების დროს სულ ერთი წინადადება დაწერა:

"მე არ ვეთანხმები მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ამ განცხადების პათოსს, ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს".

უფრო ვრცელი ფეისბუკ-სტატუსით გამოეხმაურა განცხადებას ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე. მას ამ განსხვავებული აზრის გამო მოლოდინი აქვს, რომ კოლეგები "მერკანტიულს", "ტენდენციურს", "უმადურს" ან რაიმე მსგავს სიტყვას უწოდებენ, თუმცა ამის მიუხედავად, მიაჩნია, რომ აუცილებელია განსხვავებული აზრი გაჟღერდეს.

"ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათი ძალისხმევით წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის", - აცხადებს მესხიშვილი.

მას სურს, რომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა ისევ განაგრძონ სასამართლო სისტემის გაძლიერებაში მონაწილეობა:

"დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა".

გუშინ, 4 ნოემბერს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სახელით, ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებების საპასუხოდ, კრიტიკული მოსაზრება გავრცელდა. განცხადების გავრცელების დროსაც და ახლაც უცნობია, 100-ობით მოსამართლიდან რამდენი იზიარებდა ამ პათოსს.

"ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც "გაუგებარი" და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია", არამედ - ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება", - ეწერა განცხადებაში.

კრიტიკის საპასუხოდ მოსამართლეები ირწმუნებიან, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნის პროცესი კონკურენტული იყო. მათ განცხადებაში მინიშნებები გააკეთეს კრიტიკის ავტორთა შესაძლო ინტერესებზე.

"განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი უწყებაა. საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ, ასევე პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატთა სიას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნის პროცესს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდა.

კრიტიკული იყო აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებაც. საელჩომ ამ პროცესს გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი უწოდა.

"სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს", - წერია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG