Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაბიჭვარი" - გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრის მისამართით მიტინგზე


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგი უგულავა, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც უწყების განმარტებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

გიგი უგულავა მიმართავს იუსტიციის მინისტრს მიმართავს:

„სანამ ჩვენ აქ ვართ, პროპაგანდისტული საშუალებებით გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის კადრი, რომელიც გადაღებულია ციხის სამედიცინო დაწესებულებაში. გუშინ საღამოდან ნახეთ იუსტიციის მინისტრი, წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე, რომელმაც გუშინ გაბედა და დაიწყო ქირქირი, რომ თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს. მაშინ მინდა გკითხო, რისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, რისთვის მოიწვიე ეს ექიმები, რისთვის დადიან ექიმები აქ ყოველ დღე, თუ არ შიმშილობს.

ეს ტყუილი, რომელიც გუშინ დადგეს, ამ კაკაფონიას კარგად უპასუხა, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა და მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის თუ ტაბლეტის რასაც სააკაშვილი იღებს შიმშილობის 37-ე დღეს, არის მხოლოდ და მხოლოდ, სამედიცინო დანიშნულების და ექიმების დანიშნული და ამ ნაგვებმა ახლა ციხის კადრების გავრცელება დაიწყეს და ასე უნდათ გააბინძურონ და ამოსვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს.

მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი პუტინის რეჟიმის დუბლიკაცია. ეს არის ზუსტად ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და არცერთი ადამიანი არ არიტანს იმას, რასაც ჩვენ დღეს გვკადრებენ“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 6 ნოემბერს, საღამო, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მასალა, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროვებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.

პენიტენციური სამსაუხურის მიერ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეო კადრებამდე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ უწყების წარმომადგენლებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს

„ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.

სახალხო დამცველის განცხადებით, უწყება ასევე შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.

6 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

5 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკვები რაციონის შესახებ. როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლი იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ დაიშლება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

უწყვეტი აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG