ამერიკელმა ტრევორ რიდმა, რომელსაც რუსეთში 9 წლით კოლონიაში პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შიმშილობა გამოაცხადა საჯარიმო იზოლატორში მისი მოთავსების გამო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება რიდის ნათესავებზე დაყრდნობით.
შიმშილობის შესახებ ინტერფაქსს მოუთხრეს რიდის ადვოკატებმა სერგეი ნიკიტენკომ და ვიქტორია ბუკლოვამ. მათი თქმით, რიდმა შიმშილობა 4 ნოემბერს გამოაცხადა საჯარიმო იზოლატორში მოთავსებისთვის, რასაც ის უკანონოდ მიიჩნევს.
რიდი, რომელიც არ აღიარებს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალეულობას, მორდოვეთის კოლონიაში იხდის სასჯელს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონულ სამმართველოში უარყოფენ ინფორმაციას რიდის შიმშილობის შესახებ. მათი თქმით, რიდს კოლონიის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს შიმშილობის შესახებ განცხადებით და განრიგის მიხედვით იღებს საკვებს.
ტრევორ რიდი, რომელსაც რუსეთში ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა მოსკოვში 2019 წლის ზაფხულში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 16 ივლისს ეტაპით გადაიყვანეს მორდოვეთის კოლონიაში. მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო აშშ-ის მოქალაქის სააპელაციო სარჩელი.