Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო, ბოდიში მოიხადა თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ.

„ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება", - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე პოლიტიკოსმა.

გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მისი შეფასებით, უგულავას განცხადება საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს - დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედება არა მხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში.

განცხადების თანახმად, დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები, რომლის მოთხოვნებს შორის არის პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას ციხის თანამშრომლებმა გადაყვანის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG