Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან


ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა მორიგი მანიფესტაცია. მისი თქმით, საპროტესტო აქცია გაიმართება 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან).

„ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადიან პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - თქვა ნიკა მელიამ.

როგორც ენმ-ის ლიდერი აცხადებს, ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება.

ბრიფინგზე მელიამ შეაფასა 10 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციები.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის, დამნაშავე პოლიციელების და ძალის იმედზეა. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე აღარ არის მათ მხარეს, დიდი ხანია.

ისინი აცნობიერებენ, რომ არჩევნები არის მიტაცებული და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ყველაზე უკეთ მათ უწყით, რომ ეს რეალობა არის ასეთი. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ძალადობა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ ასეთი სურათი ვნახეთ, აქციების დაწყებამდე, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში იძალადეს აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე. ამ წუთის მდგომარეობით, აქციის 46 მშვიდობიანი მონაწილე არის დაკავებული და გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში. დაკავებულებს შორის არიან საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა შენელდება. ყოველდღე გაიზრდება და ჩვენ გავტეხთ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საპტოტესტო აქციების მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
  • წართმეული არჩევნების დაბრუნება
  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG