Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია მეზენცევა: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესია ყველა ჩვენგანისთვის


მარია მეზენცევა, უკრაინის ვერხოვნა რადის წევრი და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
მარია მეზენცევა, უკრაინის ვერხოვნა რადის წევრი და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

უკრაინელი პარლამენტარები, რომლებმაც სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

დეპუტატები ითხოვენ უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი შესაბამისი დონის საადვოკატო და საკონსულო მომსახურებით და გადაიყვანონ იგი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალება არსებობს საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად.

პარალელურად, უკრაინის ვერხოვნა რადის წევრები მოუწოდებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაააქტიუროს დიპლომატური ძალისხმევა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის უკან დასაბრუნებლად.

ზემოხსენებული მიმართვის ერთ-ერთი თანაავტორია უკრაინის ვერხოვნა რადის წევრი და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მარია მეზენცევა, რომელიც მეგობრობს მიხეილ სააკაშვილთან და სურს, რომ თავისი მეგობარი მალე იხილოს ჯანმრთელი და თავისუფალი.

მარია მეზენცევა, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადის მე-9 მოწვევის დეპუტატი. მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.

მარია მეზენცევა: მიხეილის საკითხი ჩემთვის მათ შორის პერსონალურიცაა, რადგან პირადად ვიცნობ და როგორც კოლეგები, ვმეგობრობთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ მისი ხელმძღვანელობით მოქმედ რეფორმების იმ კომიტეტის ფარგლებში, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ნაყოფიერი და საჭიროა უკრაინისთვის. იქ იბადება ის ნამდვილი და კარგი ინიციატივები, რომლებსაც შემდგომში უკრაინის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ძალიან ხშირად საკონსტიტუციო უმრავლესობა უჭერს ხოლმე მხარს. მე მოქმედების ადამიანი ვარ. ზოგი წერს პოსტებს, იძლევა ინტერვიუებს, მე კი მოქმედება მიყვარს. მიხეილ სააკაშვილის თავისი სამშობლოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე პირადად დავაყენე მისი საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ კულებას წინაშე, ვესაუბრე იმ სახალხო დეპუტატებს, რომლებიც არაერთხელ იმყოფებოდნენ საქართველოში და, შესაბამისად, ვეხმარებოდი იმ წერილების შედგენაში, რომლებიც ორჯერ გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად კი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან მქონდა ურთიერთობა ვარშავაში, „ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე“. აი, ეს არის ის საქმიანობა, რომლებზეც შემიძლია ვისაუბრო და, თუ გნებავთ, ანგარიშიც ჩავაბარო.

კობა ლიკლიკაძე: როგორც საქმიან ადამიანს, მსურს სწორედ კონკრეტულ საქმესა და იმ კონკრეტულ შეფასებაზე გკითხოთ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკრაინის ომბუდსმენმა, ქალბატონმა დენისოვამ გააკეთა. „ასეთ პირობებში სააკაშვილის ყოფნა და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების და ასევე წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, - ესაა ციტატა უკრაინის ომბუდსმენის განცხადებიდან.

მარია მეზენცევა: დიახ, მიხეილი დღესდღეობით არის უკრაინის მოქალაქე და ის უნდა დაიცვას იმ ქვეყანამ, რომელმაც მორიგ ჯერზე მიანიჭა მას მოქალაქეობა. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდეს. ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ესმის საქართველოს ხელისუფლებასაც, რომ ჩვენთვის, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა თუ ფრაქციული კუთვნილებისა, მთავარია მისი ჯანმრთელობის საკითხი. მე არ ვიცი ექიმთა კონსილიუმის მიერ სულ ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, მის (სააკაშვილის) მიერ მედიკამენტოზურ მხარდაჭერაზე უარი ითქვა, რაც სერიოზული ნაბიჯია. ამით ის აჩვენებს სულის სიმტკიცეს, მაგრამ ჩვენ, ცხადია, არ გვსურს არავითარი ექსცესის ნახვა. რამდენადაც მახსოვს, იყო თხოვნა სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. ხოლო პოლიტიკა უკვე მეორეხარისხოვანია. მიხეილი უნდა იყოს ჯანმრთელი და ცოცხალი, რათა იბრძოლოს იმ გზისათვის, რაც მან აირჩია.

კობა ლიკლიკაძე: ქ-ნო მეზენცევა, ძალიან კარგად მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ზოგჯერ პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია...

მარია მეზენცევა: რა თქმა უნდა.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ და თქვენი კოლეგები, რომლებისგანაც ასევე ჩავიწერე ინტერვიუები, ყოველთვის ხაზს უსვამთ იმას, რომ უკრაინის მოქალაქე უნდა დააბრუნონ უკრაინაში და რომ უკრაინა თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ ტოვებს. მაგრამ გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხოთ, რამდენად ხშირად ხვდებიან თქვენი მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში, როცა არალეგალურად კვეთენ საზღვარს და ცდილობენ შეცვალონ პოლიტიკური ლანდშაფტი, პოლიტიკური კლიმატი, სხვა ქვეყანაში? პირდაპირ ვიტყვი, ჩაერიონ არა უბრალოდ რომელიღაც ქვეყნის, არამედ ისეთი სტრატეგიული ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორიც საქართველოა?

მარია მეზენცევა: მაგრამ ეს „ქეისი“, ცხადია, არ არის სტანდარტული. თავად შეკითხვაში ერთბაშად არის პასუხიც. მე არც კი ვიცი, თუ რა უნდა ვთქვა დამატებით. უკრაინელები ყოველდღე არ მიდიან საქართველოში იმისათვის, რომ შეცვალონ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. არის რა წარმოშობით ქართველი, რომლის სამშობლოც საქართველოა, ადამიანმა აირჩია ასეთი გზა. ეს არის ექსტრაორდინარული შემთხვევა, მაგრამ ჩვენ ცხადია არ შეგვიძლია გავექცეთ ამ შეკითხვას და ვთქვათ, რომ ყველაფერი რიგზეა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, დიახ, საქართველო არის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესია ყველა ჩვენგანისთვის, როგორც უკრაინის სახალხო დამცველ, ქ-ნ დენისოვასთვის, ისე პარლამენტის წევრებისა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ თქვით, რეფორმების კომიტეტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობას, ძალიან ნაყოფიერად მუშაობსო. სიმართლე ითქვას, საქართველოში ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით და მიხეილ სააკაშვილს უფრო მეტად მისი მოწოდებებითა და საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობით ვიცნობთ. გვითხარით, თუ შეიძლება, თუ რა რეფორმების განხორციელება შეძლო მან, ან მის მიერ შეთავაზებული რომელი რეფორმისტული რეკომენდაცია გაიზიარა უკრაინის ხელისუფლებამ?

მარია მეზენცევა: ეს უდავოდ არის მშენებლობის სფეროში განხორციელებული რეფორმა, ეს არის ელექტროსისტემასთან მიერთების უფლების მინიჭების და ბიზნესისათვის პანდემიის განმავლობაში სამჯერ გაზრდილი ონლაინგადასახადის შემცირების საკითხი და ასევე ის კანონპროექტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაფართოებას ეხება. ანუ ეს არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მარტივი ასახსნელი და გასაგებია. ვიტყვი უფრო მეტს, (სააკაშვილის) გუნდში მუშაობენ ისეთი გამოცდილი იურისტები, რომლებსაც ისეთ კანონებზეც კი შეგიძლია ჰკითხო რჩევა, რომლებიც რეფორმების კომიტეტის მიერ არ არის მომზადებული. ჩვენთან, როგორც იცით, რეფორმები უამრავ დარგს ესაჭიროება, მაგრამ კომიტეტის საქმიანობის სფეროებს ძირითადად განეკუთვნება ენერგეტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზება და ასევე განათლების ზოგიერთი მიმართულება. ერთი სიტყვით, ეს საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს და შეიძლება ითქვას, რომ რეფორმების კომიტეტი ეს არის ერთგვარი „ბექ-ოფისი“, რომელიც სწორი და გასაგები კანონების შექმნითა და ასევე სახალხო დეპუტატების დახმარებით არის დაკავებული.

კობა ლიკლიკაძე: გუშინ მე ვესაუბრე თქვენს კოლეგას, დეპუტატ ოლექსი ჰონჩარენკოს, რომელსაც ასევე შევეკითხე, თუ როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის ბედის გადაწყვეტა. როგორც ცნობილია უკრაინის ხელისუფლებას მისი უკან დაბრუნება სურს, თავად მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით ამბობს, რომ ეს არ სურს და უნდა, რომ იგი საქართველოს ხალხმა გაათავისუფლოს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება... როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, საერთოდ აღარ გააკეთებს მასზე კომენტარს. საქართველოს პრეზიდენტმა კი უარი თქვა მის შეწყალებაზე. და აი, თქვენი კოლეგა ხედავს შესაძლებლობას, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, ევროპელი მოსამართლეებისგან, რომლებსაც ექნებათ ასპროცენტიანი ნდობა და ისინი განიხილავენ სააკაშვილის მიმართ არსებულ ყველა იურიდიულ პრეტენზიას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

მარია მეზენცევა: მე არ ვიცი არაფერი ევროპული ტრიბუნალის შესახებ. შესაძლოა მას მხედველობაში ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელშიც ფიზიკურ პირს შეუძლია სარჩელის შეტანა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითად, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს არსებითი ინსტრუმენტია და ვფიქრობ, რომ ჩემს კოლეგას მხედველობაში ჰქონდა სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

კობა ლიკლიკაძე: ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ როგორც საქმიან ადამიანს, მჭიდრო კონტაქტები გაქვთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და მუდმივად გიდევთ ხელი, მეტაფორულად თუ ვიტყვით, მიხეილ სააკაშვილის საქმის პულსზე. როგორც ინფორმირებული ადამიანი, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ბედი?

მარია მეზენცევა: იცით, მე არ მინდა არანაირი პროგნოზის გაკეთება. და მსურს, რომ ამ შემთხვევაში დიპლომატიამ იმუშაოს. თქვენ ახსენეთ, რომ მიხეილს თავად არ სურს უკრაინაში დაბრუნება, ანუ, როგორც მე მესმის, ექსტრადირება კი არ მოხდეს, არამედ მისი არჩევანია, რომ იგი ქართველმა ხალხმა გაათავისუფლოს. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს სიტუაცია, მე პირადად მინდა, რომ ის დასრულდეს ისე, რომ მიხეილი იყოს ჯანმრთელი, შრომისუნარიანი და თავისუფალი. აი, ესაა ჩემი კომენტარი!

  • მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის, 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
  • საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
  • 10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მის უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG