Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებას სამწუხაროს უწოდებს


საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს. მან ჟურნალისტებთან ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა ახსნა, რატომ აქვს მას ეს პოზიცია.

"შემიძლია აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო, რომ ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო იქედან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მისი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში - ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც საბაზისო ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ღირსების დაცვას", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა ამ კადრების გავრცელებას და ეს შეაფასა, როგორც პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.

11 ნოემბერს სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ კადრებში ჩანს, როგორ აყენებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფას. გავრცელებული ვიდეომასალები დამონტაჟებულია და არ ასახავს გადაყვანის პროცესს სრულად.

"კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნებული კადრები ასახავს პატიმრის პროტესტს, საკუთარი ნებით შევიდეს გლდანის სამკურნალო დაწებულებაში.

"რას ნიშნავს დავმშვიდდე, პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. მომისმინეთ კარგად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურიმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან პატიმრების საკნებიდან ისმოდა მისი მისამართით გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.

XS
SM
MD
LG