Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური არ პასუხობს კითხვას, ამუშავდა თუ არა გლდანის ციხეში გადატანილი "კატე"-ს აპარატი


ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები შეუფერხებლად სარგებლობენ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების სერვისით, იმის მიუხედავად, რომ ამ კლინიკიდან "კატეს" ერთი აპარატი 8 ნოემბერს, გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიტანეს. არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც პენიტენციური სისტემა არ პასუხობენ კითხვას, დამონტაჟდა თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოდან წაღებული კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში.

"კატეს" აპარატს სპეციალური, რადიაციის გავრცელებისგან დაცული სივრცე და რამდენიმე დღე სჭირდება დასამონტაჟებლად. რესპუბლიკური საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო დანადგარი მას შემდეგ გადაიტანეს, რაც იქ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლა "კატეს" ორი აპარატი მუშაობს გამართულად, ის კი, რომელიც გლდანის სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიტანეს, საავადმყოფომ 2021 წლის 13 მაისს შეიძინა.

XS
SM
MD
LG