Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი უფროსი ლაგოდეხის მერს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს


"ამ ზაფხულს მერიის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რაზეც მე ვუთხარი, რომ ამ პერიოდში მსგავსი ხალხმრავალი ღონისძიების გამართვა არ შეიძლებოდა... როგორც ჩანს, მან ეს ჩემი პოზიცია სხვანაირად გაიგო..." - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნუნუ ნოზაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ჯონდო მდივნიშვილმა 12 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე.

ნუნუ ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერმა ბრძანების გამოცემამდე, მას მოსთხოვა თავად დაეწერა განცხადება და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასულიყო, უარის თქმის შემდეგ კი 15 წუთში გათავისუფლების ბრძანება ჩააბარა.

ნუნუ ნოზაძის თქმით, მერი ბრძანებაში წერს, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა, რასაც თავად არ ეთანხმება.

„ბრძანებაში დაწერა, რომ ჩემს სამსახურში თითქოს პრობლემებია ინვენტარიზაციის კუთხით, ასევე პრობლემებია თბილისიდან წამოსული დაფინანსების განაწილებაში და კოვიდტესტებთან დაკავშირებით. რეალურად აუდიტს ჩემთან არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენია. მერმა აუდიტის სამსახური შესამოწმებლად მას შემდეგ შემოუშვა, რაც მე უკმაყოფილება გამოვთქვი მერის მიერ დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ ზაფხულს მერიის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რაზეც მე ვუთხარი, რომ ამ პერიოდში მსგავსი ხალხმრავალი ღონისძიების გამართვა არ შეიძლებოდა. ასევე მერმა ჩაატარა „დედაენის“ დღეც. ამაზე მე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ ხალხის მასშტაბური თავშეყრა არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, მან ეს ჩემი პოზიცია სხვანაირად გაიგო. არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო, რატომ გამიშვა სამსახურიდან?“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნუნუ ნოზაძემ.

რადიო თავისუფლება ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს დაუკავშირდა. მან კომენტარზე უარი გვითხრა და განმარტების გაკეთება თავის მოადგილე ნინო ბატიაშვილს დაავალა.

ნინო ბატიაშვილი ამბობს, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დარღვევები ნამდვილად აღმოაჩინა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახის. მერის მოადგილემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ნუნუ ნოზაძე ერთპიროვნულად მართავდა თავის სამსახურს და ზემდგომს, ლაგოდეხის მერს არაფერს ეკითხებოდა.

„ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ის არღვევდა სამსახურის წესდებას და შინაგანაწესს“, - თქვა ნინო ბატიაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ამ საქმეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩემთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი ფორმით და მიზეზებით გათავისუფლება. ამიტომ ჩემს სიმართლეს სასამართლოში დავამტკიცებ. 1998 წლიდან ამ თანამდებობაზე ვმუშაობ და 23 წლის განმავლობაში ერთი საყვედური ან გაფრთხილებაც კი არავისგან მიმიღია“, - განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG