Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ნოემბერს


დღეს გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მეორე სასამართლო პროცესი მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

11:00-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული. ამჯერად სასამართლო განიხილავს ე.წ. პიჯაკების საქმეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო ამ საქმის განხილვისასაც ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადებას და თავად სააკაშვილიც მზად არის, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მოიკრიბოს ძალები და დაესწროს პროცესს, თუკი პენიტენციური სისტემა ამის ნებას დართავს.

„ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

„პიჯაკების საქმეზე“ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მიუხედავად მისი ფიზიკური სისუსტისა, ის ემზადება ხვალინდელ პროცესზე დასასწრებად.

დართავს თუ არა პენიტენციური უწყება ამჯერად მაინც მესამე პრეზიდენტს იმის უფლებას, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს? თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

კიდევ 9 მოშიმშილე დეპუტატი და არა მხოლოდ

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის კიდევ ცხრა დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ, სამოქალაქო საავადმყოფოში.

დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში იშიმშილებს.

დღეიდან კი მოშიმშილეთა სია სულ მცირე ერთი ადამიანით გაიზრდება. დღეს საქართველოში ოპერის მომღერალი, ბანი, პაატა ბურჭულაძე ჩამოდის, რომელიც ჩამოსვლისთანავე აპირებს შიმშილობის გამოცხადებას.

ფეისბუკზე მან დაწერა: „თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!“

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნიკა მელია: გადაიკეტება მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე

15 ნოემბერს, 15-დან 17 საათამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ფეისბუკზე დაწერა.

„მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!“ - დაწერა პარტიის თავმჯდომარემ და დაამატა: „გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში!“

მოგვიანებით მელიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ არანაირი აქცია, ყოფილი პრეზიდენტის, მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში არ იქნება. მან ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიყენონ ის დრო, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ექიმთა კონსილიუმი სააკაშვილთან არ შეუშვეს. ისინი ექსპრეზიდენტის მონახულებას დღესაც ეცდებიან

#18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, თუმცა ორსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ არასამუშაო დროს მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შეუშვებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.

ადვოკატი ამ ფაქტს უკანონოსა და სამარცხვინოს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, კონსილიუმის წევრები არასამუშაო საათებში მანამდე უკვე იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად.

„დაცვის მხარის პოზიციით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას უარი უთხრეს ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებაზე“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

კონსილიუმი დღესაც შეეცდება ექსპრეზიდენტთან შესვლას.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ავსტრიაში აუცრელთათვის მკაცრი შემზღუდავი ზომები შემოიღეს

ავსტრიის მთავრობამ ორშაბათიდან მკაცრი შემზღუდავი ზომები - ფაქტობრივად, ლოკდაუნი - გამოაცხადა ქვეყნის იმ მცხოვრებლებისთვის, ვინც არაა COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი. გადაწყვეტილება მიიღეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე. უკანასკნელ ხანებში ავსტრიაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 9-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ავსტრიაში მოსახლეობის ორი მესამედია აცრილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. ლოკდაუნი დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხება (შეზღუდვები არ ვრცელდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე). მათ აეკრძალებათ სახლის დატოვება საპატიო მიზეზების გარეშე. მათში შედის სამსახურში, სასურსათო მაღაზიასა და ექიმთან წასვლა და გამაჯანსაღებელი გასეირნება. საზოგადოებრივ ადგილებში კი აუცრელებს არ შეუშვებენ, საამისოდ ნეგატიური PCR ტესტიც კი არ იქნება საკმარისი. ლოკდაუნი 10 დღით შემოიღეს და შესაძლებელია გაგრძელდეს.

წაიკითხე მეტი.

როგორ უღალატა 28 წლის ექთანს სისტემამ - ოჯახმა დღემდე არ იცის, რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე

მეგის სისტემამ უღალატა. ის ექიმები, რომლებსაც მისი სიცოცხლისთვის უნდა ებრძოლათ, მასთან არ იყვნენ. გონდაკარგული ქალი რეანიმაციაში 40 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს. რაც მთავარია, მეგის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზეც კი, გამოძიებამ არ გასცა პასუხი კითხვას, რომელმაც მთელ ქვეყანაში შეანელა ვაქცინაციის პროცესი - რატომ მოკვდა მეგი ბაქრაძე?

მეგი ბაქრაძე ბავშვობიდან ქვემო ენთელში ცხოვრობდა. აქ გაიცნო მანუჩარიც და მალევე გათხოვდა. ორი შვილი გააჩინა, საბა და სალომე. ბავშვები რომ წამოიზარდნენ და სკოლაში წავიდნენ, ოჯახის ახლობელი პედიატრი, ქეთევან ჯინჭველაძე, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში მუშაობს, მეგის მუშაობის დაწყებაში, 2017 წელს დაეხმარა.

„უნარიანი იყო და შევთავაზე, მოდი, დაიწყე-თქო. ყოველთვიური ხელფასი გექნება, გამოხვალ სახლიდან-მეთქი“, - ასე მოხვდა მეგი კლინიკა „იმედში“.

მეგის მხოლოდ სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მუშაობაც სანიტრად დაიწყო. კლინიკაში არცერთ საქმეს არ თაკილობდა, ქეთევანი ამბობს, საუკეთესო იყოო.

„წავეჩხუბე, როდემდე უნდა ატრიალო ეს ცოცხი და ტილო. თან ლამაზი იყო და შემენანა. იცით სოფლის ოჯახები, დიდი ჯაფა აქვთ. ვინ გამიშვებსო, რანაირად მომიხერხდებაო. მაგრამ ერთხელაც ჩამოვიდა და შემომეხვია კისერზე, მითხრეს, რომ კი, მიდიო“.

საექთნო კურსებზე ახალციხიდან შორს წასვლა მოუწია, სადაც ნათესავები ეგულებოდა - რუსთავში. დროს სწავლას, ოჯახსა და მუშაობას შორის სიხარულით ანაწილებდა.

როგორ გაჩერდა დრო აცრის შემდეგ და რა დაადგინა გამოძიებამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან რვა თვის თავზე? წაიკითხე და ნახე თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, საუბრობს თემაზე „კოვიდი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“.

XS
SM
MD
LG