Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს


ფოტოარქივი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია
ფოტოარქივი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ დღეს, 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციის გამო აცხადებს, რომ პოლიცია მყისიერად აღკვეთს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს "პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს".

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს, 14:00 საათიდან მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ გეგმავს მსვლელობას და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზების გადაკეტვას.

შსს განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის და დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით, ან საგნებით გადაკეტვა და ამ წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

შსს-ს განცხადებითვე, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების, ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

შსს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი: "საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს".

XS
SM
MD
LG