პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მოასმენინა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის მიმართვა.
15 ნოემბერს გავრცელებული ვიდეომიმართვით, ედუარდ სააკაშვილმა მისი, ძმის და დედის სახელით, ხელისუფლებას სთხოვა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
"როგორც მივხვდი, ბევრს არ გაქვთ მოსმენილი. ალბათ, არც ტელევიზორს უყურებთ, არც ეს მიმართვები გაინტერესებთ", - განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
სამნიძის შეფასებით, ქვეყანაში დღეს არსებული კრიზისი პირველ ყოვლისა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: "და როგორც აქ მოისმინეთ ახალგაზრდა ადამიანისგან, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. მაგრამ, ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც არის მესამე ვადით - ამას ხაზს ვუსვამ - ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, რომ განიმუხტოს კრიზისი".
ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი განცხადებები და ნაბიჯები კრიზისის განმუხტვას არ ემსახურება და "როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კეთდება, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება".
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.
დაწერეთ კომენტარი