Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს


პოლონეთის პოლიციის ცნობით, მისი სულ მცირე, შვიდი თანამშრომელი დაშავდა ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების შედეგად.

პოლიციის ცნობით, რომელიც ტვიტერით გავრცელდა, ორმა პირმა ტრავმა მიიღო თავის არეში ნასროლი ქვების გამო, ხოლო ოთხს ხელები და ფეხები აქვს დაზიანებული.

16 ნოემბერს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე თავშეყრილ მიგრანტებსა და პოლონელ ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც მიგრანტთა ჯგუფმა ძალადობრივი გზით საზღვრის გარღვევა სცადა კუზნიცა-ბრუზგის გამშვები პუნქტის არეალში.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტთა ჯგუფმა ქვები და სხვადასხვა საგანი დაუშინა შეიარაღებულ სამხედროებს, რომლებმაც პასუხად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

„მიგრანტები თავს დაესხნენ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, უშენდნენ მათ ქვებს, ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ სასაზღვრო ბარიერი და შეეღწიათ პოლონეთის ტერიტორიაზე. აგრესიის ჩახშობის მიზნით, ჩვენმა სამსახურებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი“, - ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის სასაზღვრო გასასვლელ კუზნიცასთან მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტებს აქვთ ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები, რომლებითაც მათ ამარაგებს ბელარუსი.

ბელარუსის სააგენტო "ბელტა" იტყობინება, რომ გროდნას საავადმყოფოში მოათავსეს ოთხი მიგრანტი, ერთი მათგანი, მძიმე მდგომარეობაში - პნევმონიით. ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, იტყობინება Reuters-ი.

მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთს გრძელდებოდა. პოლიტიკოსებმა განიხილეს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ისინი ასევე შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.

XS
SM
MD
LG