"ქართული ოცნების"თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესასწავლად ექიმთა ჯგუფი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმებით დააკომპლექტდა. კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ გუნდში ნდობა არ აქვთ.
"თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი მხრიდან არაერთი საჯარო განცხადებით. ამ ნაბიჯის უკან პოლიტიკური ინტერესი ნათლად იკვეთება, რაც არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი ლომჯარიას მხრიდან", - თქვა კობახიძემ.
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
ამ სამედიცინო ჯგუფის შექმნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.
სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 48 დღეა.
დაწერეთ კომენტარი