Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიტიკამ გაგვასწრო" - რა ჰყოფს და რა აერთიანებს ოპოზიციას


"ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავის აღნიშვნა თბილისში
"ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავის აღნიშვნა თბილისში

ოპოზიციური პარტიების ტაქტიკურ გეგმებში განსხვავებები მას შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა, რაც შესრულდა დიდი ნაწილის საერთო ამოცანა - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

განსხვავებები მკაფიოა არჩევნების წინ შექმნილი იმ კოალიციის რიგებშიც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“ აერთიანებს. მთავარი წყალგამყოფი, ერთგვარად, ისევ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, საერთო კი - ვადამდელ არჩევნებს.

მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის მყისიერი საფრთხის მოხსნის შემდეგ, ენმ-ის მთავარ ამოცანად ახლა უკვე მისი გათავისუფლება იქცა. ექსპერტების დაკვირვებით, კოალიციური გეგმები გვერდზე გადაიდო და პარტია ახლა ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ საქართველოს გადარჩენა შეუძლია მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ მთავარ შემოქმედს, რომელმაც „ტერიტორია სახელმწიფოდ“ აქცია და რომელიც ახლა, რევოლუციის მე-18 წლისთავზე, პატიმარია.

  • რა გეგმები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ერთად და ცალ-ცალკე და სად ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს?
  • რატომ არ გამოდის ქუჩის საპროტესტო აქციებზე ხალხის „საკმარისი რაოდენობა“?
  • რა იმედები ან იმედგაცრუება უკავშირდება ოპოზიციური პარტიების ნაწილის პარლამენტში მუშაობას?

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმარი პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოდან გამოგზავნილ წერილში დებს ფიცს, რომ საქართველო „დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას!“ და რომ თავადაც სწორედ ამ რწმენით ჩამოვიდა საქართველოში.

სააკაშვილი ხალხს შეახსენებს, რომ საკუთარი სიცოცხლე მათ მიანდო და იქვე, ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებს - „მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!“

საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყნის სწრაფი, ნახტომისებური წინსვლა, არა კოალიციის, არამედ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით წარმოუდგენია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდ ნაწილს და, შესაბამისად, მისი გათავისუფლება ამ ეტაპზე პარტიისთვისაც პირველი რიგის ამოცანად რჩება.

გათავისუფლება ქუჩაში გამოსული ხალხის სიმრავლითა და აქტიურობით წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილს და ეს მან ციხიდან გამოგზავნილ წერილებში არაერთხელ აღნიშნა.

ენმ-ის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ხშირად სწუხან იმის შესახებ, რომ ქუჩაში საკმარისი რაოდენობით არ გამოდიან იმისთვის, რომ „თავების მთვლელ“ ხელისუფლებას იძულებითი ნაბიჯები გადაადგმევინონ.

რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში?

ენმ-ის წევრი, გიორგი ჩალაძე, რომელიც ყოველდღე ჩადის გორში და სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაც შეძლო, ხალხში არსებული საპროტესტო მუხტის არასათანადო გამოყენებას ოპოზიციის ლიდერებს აბრალებს.

„ლიდერს თუ ხალხი არ მოგყვება, ან კარგი ლიდერი არა ხარ, ან შენი განცხადებები და მოწოდებები არ ვარგა, ანდა ცუდ საქმეს უდგახარ წინ. საქმე რომ კარგია ქვეყნისთვის, ეს ვიცით და ვერც ხალხზე ვიტყვით, რომ რუსეთისკენ უნდა, რადგან არჩევნებში თავისი ნება გამოხატა ხალხმა“, - გვეუბნება ჩალაძე და აზუსტებს, რომ მისი ბრაზი ყველაზე ნაკლებად არის მიმართული პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ, რადგან „ეს ბიჭი მაქსიმუმს აკეთებს“ და „ვერაფერს გააკეთებს, თუ მხარდაჭერა არ ექნება“.

ვინ არიან კრიტიკის მთავარი ადრესატები, ჩალაძე არ აკონკრეტებს; თუმცა გვეუბნება, რომ „ეს ეხებათ ლიდერებს“ ენმ-შიც და სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

კონკრეტულად რა არ მოსწონს მას? პასუხია, რომ, მაგალითად, შეცდომა იყო:

  • „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა“;
  • აქციების შემდეგ ხალხის სახლში გაშვება - პროცესი ქუჩაში უნდა დატოვო - ერთი დღე, ორი დღე, ათი დღე და საერთაშორისო მხარდაჭერაც მოვა და გამარჯვებაც იქნება“;
  • დროის დაკარგვა საერთაშორისო თანამეგობრობის დაბალი აქტივობის ფონზე - „ქართველებს გვახასიათებს ტერმინი - ავტობუსმა გამასწროო და ჩვენ პოლიტიკამ გაგვასწრო“;
  • არჩევნების წინ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კოალიცია, როცა პოზიციები მხარდამჭერთა რაოდენობით არ განისაზღვრება - „დიახ, ჩვენი მხარდამჭერები არიან ყველაზე მეტი და დიახ, ეს ქვეყანა ჩვენ შევქმენით და აქამდე ჩვენ მოვიტანეთ“;
  • პოლიტიკური სპექტრის „დაბერება“ და ახალგაზრდებისთვის საინტერესო სიახლეების ვერშეთავაზება.

„ახლა არის დრო, უპირობოდ მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ცესკოს სრულიად ახალი ადმინისტრაციის პირობებში... თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები არ მოესწრება, შეიძლება ეს არჩევნები ძველი სისტემითაც ჩატარდეს, რადგან, რაც არ უნდა მოხდეს, მომავალი ხელისუფლება მაინც ტექნიკური და დროებითი იქნება და ის სრულად ჩაკეტავს გაყალბების მექანიზმებს უკვე შემდეგი არჩევნებისთვის... ეს არ იქნება ადვილი, რთული გზაა, მაგრამ გასაკეთებელია, რადგან ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება“, - ეუბნება გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას.

ვადამდელი არჩევნები - სხვადასხვა გზით

ვადამდელი არჩევნებია ასევე სხვა არაერთი ოპოზიციური პარტიის ძირითადი მიზანი, მაგრამ - ტაქტიკაში აშკარა განსხვავებებით.

ვადამდელი არჩევნებისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს „ლელო“ ბოიკოტის მოხსნისა და მისი ფრაქციის პარლამენტში დაბრუნების არგუმენტად, რასაც ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

როგორც პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით იყო გამოცხადებული და ამ ამოცანის მიღწევის შემდეგ, ბოიკოტის პირობაც ბუნებრივად მოიხსნა.

„ლელო“ უარს არც ქუჩის აქციებზე ამბობს და გარეთ მას ამისთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც ეგულება, რომელიც დეპუტატი აღარ არის - რადგან პარლამენტმა მანდატი საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გაუუქმა.

„ლელო“ მიზნებად ასახელებს, მაგალითად, პარტიული სტრუქტურის განმტკიცებას, „კოალიციური პლატფორმის გაფართოებასა“ და, ისევ მამუკა ხაზარაძის აქტიურობით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას წალენჯიხის განვითარებაში, „წარმატებული კონტრასტის შესაქმნელად“.

პარლამენტმა უკვე ერთი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ მომავალი ორი საპარლამენტო არჩევნები (მათ შორის - ვადამდელიც) სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდეს.

ამ ცვლილებების გარეშე, „ლელოს“ მსგავსად, ვადამდელი არჩევნების ჩატარების აზრს ვერც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხედავს და ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ შემადგენლობაში პარლამენტში მუშაობის გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ აუცილებლობად სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევს.

პარტიის გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ნებით არ დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ თვლის, რომ მაინც „ყველაფერი უნდა სცადონ“.

დეპუტატის თქმით, აქციების გზაც ძალაში რჩება და თუკი საპარლამენტო ბრძოლით არაფერი გამოვა, ქუჩაში გასვლა რამდენიმე თვეში წარმოუდგენია.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული - პარლამენტიც და ქუჩაც. მიტაცებულ ძალაუფლებას თავისი ნებით არავინ არასდროს თმობს... პროცესი უნდა დაიძრას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და თუკი კონსენსუსს ამაზე ვერ ვაღწევთ, გაზაფხულზე აქციები უნდა ჩატარდეს და ამ აქციების შედეგი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებიც და შეთანხმებაც ვადამდელი არჩევნებისთვის... პირდაპირ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს "ქართული ოცნება" თავისი ნებით“, - გვეუბნება დეპუტატი.

პაატა მანჯგალაძეს არ უკვირს, რომ ხალხი ამ წუთას ქუჩაში არ გამოდის, რადგან, მისი თქმით, „ვერცერთმა ლიდერმა ხალხს ვერ დაანახა სწორი გზა“ და საქართველოში „პარტიების პრობლემა ის არის, რომ თავისი ვიწროპარტიული ჩარჩოს იქეთ არ ხედავენ პროცესებს“.

ვადამდელი არჩევნებია მთავარი მიზანი პარტიისთვის „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ დიდ მიტინგებსა და მეგაფონებში ყვირილს პროტესტის დრომოჭმულ ხერხებად მიიჩნევენ, მაგრამ, ამავე დროს, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მკაფიო უკმაყოფილებას გამოხატავს ხალხის ქუჩაში არგამოსვლის გამო.

„სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა იყო კრიზისის განმუხტვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. ქვეყანა ჯერ კიდევ ავტორიტარიზმის ტყვეობაშია.

შესაბამისად, ახლა ძალისხმევა ყველამ წართმეული ნების დასაბრუნებლად და სრულად პროპორციული, 2%-იანი ბარიერით, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად მივმართოთ. ეს არ იქნება მოკლე და მარტივი ბრძოლა, თუმცა ერთადერთი გზაა, რომ ეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე შევაყენოთ. ნიჰილიზმის დრო არაა“, - აცხადებენ პარტიაში და წინასწარ გაცხადებული საკუთარი გეგმით, პატარ-პატარა აქცია-პერფორმანსების გამართვასაც განაგრძობენ.

ოპოზიციური პარტიების პარლამენტში მუშაობას ისევ დიდ შეცდომად თვლის „ევროპული საქართველო“ და პროცესების განვითარების პერსპექტივა მხოლოდ ბოიკოტის რეჟიმში წარმოუდგენია. თუმცა პარტიის ლიდერებისთვის შეცდომაა ასევე ხალხის დაიმედება იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უახლოეს დროში მოხერხდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერების არათანმიმდევრული ნაბიჯები ხალხს აბნევს და შემდეგ მის იმედგაცრუებასა და გაბრაზებას იწვევს.

და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა?

როგორც თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში ენმ-სთან ერთად დგომას არ აპირებდნენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები - „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.

  • პარტიები ერთიანი იყვნენ მოშიმშილე პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის გარშემო და ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, ექსპერტების პროგნოზით, მათი გზები მკაფიოდ გაიყოფოდა.
  • გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კი, მაგალითად, „ლელოს“ დეკლარირებული პოზიციაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულმა საკითხებმა დაიკავა და მეორე პლანზე გადავიდა კოალიციის ერთობლივი გეგმები - „წართმეული არჩევნების“ დაბრუნებასა თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„მის გარშემო ტრიალებს ყველა და ყველაფერი... ამან უკანა პლანზე გადასწია კოალიციის იდეაც და ხელისუფლებასაც მისცა საშუალება, რომ კოალიციისთვისაც დაერქმია "ნაციონალური მოძრაობა". ხელისუფლების ლოგიკა მარტივია - ის ახდენს მიშას დემონიზაციას, "ნაციონალურ მოძრაობას" არქმევს ყველა პარტიას, რომელიც მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობს... დღეის მდგომარეობით, უბრალოდ, კოალიცია არ არსებობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

კოალიციის წინასაარჩევნოდ შექმნის იდეა, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ლობირებდა, თავიდანვე არ მოსწონდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ერთ ნაწილს.

ამ მიზეზით და კიდევ იმის გამო, რომ შეკრებილ ხალხს აქციების შემდეგ სახლში უშვებდა, მელია ხშირად ხდებოდა მწვავე კრიტიკის სამიზნეც. პარტიის მხარდამჭერების ამ კატეგორიას ბოლო პერიოდში არც ის მოსწონს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მწვავე საპროტესტო აქციები აღარ გამართულა.

19 ნოემბერს, როდესაც ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ნიკა მელიამ თქვა, რომ გორში, კლინიკასთან აქციები არ გაიმართება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რუსთაველის გამზირი ცარიელი იქნება“.

ამ ეტაპზე, ენმ-ში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების არაერთ იურიდიულ შესაძლებლობას განიხილავენ, მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებაზეც ლაპარაკობენ, მაგრამ გენერალურ გეგმად - მაინც მასშტაბური ქუჩის პროტესტი განიხილება, რომლის მოთხოვნა ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG