Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველ არხის" ეთერში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მთავარ ბარიერს წარმოადგენს.

„პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ არავითარი პროგრესი არ გვქონია. მდგომარეობა არის უცვლელი, გვაქვს სტატიკური მდგომარეობა, ეს სტატუს-კვო შენარჩუნებულია და ოკუპაციასთან მიმართებაში რაიმე ძირეული ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვიწევს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება იმ გამოწვევასთან, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის, მკვლელობაც დაფიქსირდა და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერზე გვაქვს მყისიერი რეაგირება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, მაგრამ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრეტენზია თუ მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირისპირ შეხვედრის საკითხსაც შეეხო.

„დეოკუპაცია რომ თავისით არ მოხდება, ალბათ ყველას კარგად გვესმის. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობა, არალეგალური, უკანონო მდგომარეობა, ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება, ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა და ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი. პირდაპირი კონტაქტი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს და ერთადერთი კონტაქტი რაც გვაქვს, არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ეხება, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაგრძო, - ვფიქრობ, ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩემი პასუხი სწორედ ეს იქნებოდა - ასეთი კონტაქტის თუ შეხვედრის ორგანიზებას სჭირდება კარგი მომზადება. ქართულმა მხარემ, საქართველომ და ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის ბოლოს თქვა, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით დიპლომატიურ გზებს სათანადოდ არ იყენებს.

XS
SM
MD
LG