რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო სწავლებები გამართეს მაშინ, როცა გახშირდა ცნობები უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის თაობაზე, რაც ზრდის ინტერვენციის შიშს.
რუსეთმა სამხედრო წვრთნა გამართა შავ ზღვაში, უკრაინის სამხრეთით, და განაცხადა, რომ მას აუცილებლად სჭირდება თავისი კონვენციური და ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდა. მიზეზად თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაასახელა „რუსეთის საზღვრებთან ნატოს ქვეყნების მზარდი აქტიურობა.“
როგორც ინტერფაქსი იტყობინება, შავ ზღვაში წვრთნისას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და გემები ამუშავებდნენ სამხედრო-საზღვაო ბაზებზე შეტევის მოგერიებას და საპასუხო საჰაერო დარტყმებს.
ამასობაში უკრაინამ საკუთარი სამხედრო წვრთნა ჩაატარა ჩრდილოეთის საზღვარზე. ოფიციალური ინფორმაციით, მისი მიზანია გაზარდოს მზადყოფნა იმ შემთხვევისთვის, თუკი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი უკრაინის ტერიტორიაზე გადავა.
კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უკანასკნელ ხანებში განგაშს ტეხენ უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის გამო. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთს 92 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს გადასროლილი უკრაინის საზღვართან და თებერვლის დამდეგს ინტერვენციისთვის ემზადება. კრემლმა ამ ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა.
დაწერეთ კომენტარი