შვედეთის პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად 24 ნოემბერს არჩეული, სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობიდან იმავე დღეს გადადგა მას შემდეგ, რაც ბიუჯეტზე უთანხმოების გამო, კოალიციური მთავრობა დატოვეს „მწვანეებმა“.
შვედეთში არსებული საკონსტიტუციო პრაქტიკით, კოალიციური მთავრობიდან რომელიმე ერთი პარტიის გასვლის შემთხვევაში, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს.
მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ სურს უხელმძღვანელოს მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობა, შესაძლოა, ეჭვს იწვევდეს. ამასთან, ანდერსონი მზად არის ისევ ჩაუდგეს სათავეში მთავრობას, რომელშიც მხოლოდ სოციალ-დემოკრატები იქნებიან.
შვედეთის გარემოს დაცვის პარტიამ კოალიციური მთავრობა მას შემდეგ დატოვა, რაც 24 ნოემბერს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა არა მთავრობის, არამედ ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატების და დემოკრატების მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტს.
მას შემდეგ, რაც მაგდალენა ანდერსონმა გადადგომის გადაწყვეტილება ოფიციალურად აცნობა პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენს, პარლამენტში განაცხადეს, რომ ნორლენი დაუკავშირდება პარტიის ლიდერებს და შექმნილ ვითარებაზე დღეს, 25 ნოემბერს იმსჯელებენ.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, 54 წლის მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა 7 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრად არჩევამდე ანდერსონი 7 წლის განმავლობაში იყო შვედეთის ფინანსთა მინისტრი. მაგდალენა ანდერსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა სტეფან ლევენი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გადადგა.
დაწერეთ კომენტარი