Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის 111 903 ლარით დაჯარიმების შესახებ, ცენზურად აფასებს:

„გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო. თუ გახსოვთ, მაშინ შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის საუბარი იყო, ახლა უკვე ამ ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო სწორად, მანამდე მიიღეს, „გაათავისუფლე მიშას" გამო გადაწყვეტილება, მიმართეს სასამართლოს და სასამართლომ უარი თქვა. ხვალ 14:00 საათზე პროცესია ჩანიშნული ამ მიშას კლიპებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.

ტელეარხის დამფუძნებლის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა.

„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, „კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე. აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება, სხვისი არჩევის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას", - თქვა გვარამიამ.

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი კომისიის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს.

გვარამიამ ტელეარხზე კიდევ ერთი კლიპის გასვლა დააანონსა. „ხვალიდან ჩვენთან გავა კლიპი ამ ადამიანებზე, "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება?!" - შენიშნავს ის.

ნიკა გვარამია მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის" 111 903 ლარით დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" კლიპის ეთერში განთავსება გახდა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 25 ნოემბრის, სხდომაზე მიიღო.

საუბარია იმ ვიდეოკლიპზე, რომელშიც მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დეპუტატების კოლაჟი, ამავე პარტიის ჰიმნის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფოტოდ გარდაიქმნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG