Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს საპროტესტო აქცია ირანში


ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს რამდენიმე ასეული დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც კვლავ შეიკრიბნენ ცენტრალური ირანის ქალაქ ისპაანში, გვალვის პირობებში ირანის მთავრობის მიერ გატარებული ზომების წინააღმდეგ.

დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირების ადგილი კვლავაც იყო მდინარე ზაიენდერუდის გამშრალი კალაპოტი, სადაც წინა დღით ირანის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაწვა საპროტესტო კარვები, რომლებიც წყლის გამორთვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ირანელმა ფერმერებმა ორი კვირის წინ აღმართეს.

იუწყებიან, რომ 25 ნოემბერს ფერმერებმა შეწყვიტეს მასშტაბური საპროტესტო აქცია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მათ დაჰპირდა გვალვის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, ირანში გვალვები ყოველთვის წარმოადგენდა დიდ პრობლემას, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ უფრო გაღრმავდა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა.

ირანის მეტეოროლოგიური სამსახურების ანგარიშით, ქვეყნის ტერიტორიის 97%-ი მეტ-ნაკლებად განიცდის გვალვებს. დემონსტრანტები წყლის კრიზისს, ძლიერი გვალვების გარდა, ხელისუფლების უყაირათობასაც აბრალებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG