პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ბესიკ თამლიანს. პოლიციამ ის დააკავა 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე.
„დუმილის უფლებას იყენებს ბატონი ბესიკი, მას ოფიციალურად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ეს მუხლი წარმოადგენს ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით ხელშეშლას სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ, ხელშეშლას მის საქმიანობაზე. მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მობრძანებული, შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იქედან გამომდინარე, რომ განცხადებებია ინსპექციაში შესული, რომ გადამეტება იყო პოლიციის მხრიდან. გამოიკითხა ის, მისცა ჩვენება და გრძელდება გამოძიება“, - თქვა ადვოკატმა თეონა ქურიძემ.
29 ნოემბერს პოლიციამ საქალაქო სასამართლოსთან სულ 15 პირი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თამლიანის გარდა, ყველა მათგანს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღევა ედება ბრალად.
ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამლიანი 55 ნომერი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიაში.
დაწერეთ კომენტარი