Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა იყო "ლაქების გარეშე" - როგორ ჩანს საქართველოს ევროპული პერსპექტივა ბრიუსელიდან?


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 15 დეკემბრის სამიტის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

რეფორმებია მთავარი განსახილველი თემა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან გამართული შეხვედრის დროსაც. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბრის სამიტს განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს. თუმცა ექსპერტები საიმედოს ვერაფერს ხედავენ.

  • რამდენად რეალისტურია საქართველოს ხელისუფლების იმედები, სწორედ რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოში ამჟამად შექმნილი პრობლემური ვითარების ფონზე?
  • რატომ არ ითვალისწინებს „ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო შეშფოთებას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით?
  • რა ბარიერები ხვდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთი მოსმენით უკვე დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში?

უკმაყოფილება "დიპლომატიურ ენაზე"

„საქართველოში საჭიროა, რომ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მივყვეთ დაგეგმილ რეფორმებს, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და ავტორიტეტიანი ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ პოზიციებს ამ საკვანძო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, რომ დავკარგოთ სხვაგანაც“, - ეს სიტყვები ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 30 ნოემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის გახსნისას წარმოთქვა.

თავის გამოსვლაში შარლ მიშელს მსგავსი რამ არ უთქვამს „ასოცირებული ტრიოს“ სხვა ქვეყნების - უკრაინისა და მოლდოვის შესახებ და ეს შესამჩნევი იყო ფორუმის მონაწილეებისთვისაც.

მათ შორის არის „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში, 2 დეკემბერს გაუძღვება საქართველოსთან დაკავშირებულ სადისკუსიო პანელს - „პოლარიზაცია, როგორც გამოწვევა, საქართველოს ევროპულ გზაზე“.

კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შარლ მიშელმა საქართველოს რეფორმების მიმართ უკმაყოფილება დიპლომატიურ ენაზე გამოხატა:

„ახლა ევროკავშირი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული, რომ, ბელარუსთან დაკავშირებული მოვლენებისა და ამხელა პრესის შემდეგ, კონფრონტაციული ენით დაელაპარაკოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს.

შარლ მიშელს არ უთქვამს, რეფორმები ჩავარდა და უკმაყოფილო ვართო, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე გარკვევით მიანიშნა, რომ უკმაყოფილება არსებობს საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის პროცესის მიმართ... რეფორმების მიმდინარეობა აუცილებლად შეჯამდება 15 დეკემბერს დანიშნულ სამიტზეც“.

სწორედ რეფორმები დასახელდა ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხად იმ შეხვედრის ფარგლებში, რომელიც შარლ მიშელმა 30 ნოემბერს „ასოცირებული ტრიოს“ სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან გამართა.

ამავე დღეს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში შარლ მიშელმა დაწერა:

  • „რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს";
  • მიესალმება სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „რათა ემსჯელათ რეფორმების გაგრძელების შემდგომ ძალისხმევაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის წინ“.

ბრიუსელში გამართული შეხვედრების პარალელურად, მაგალითად, გამოცემა „პოლიტიკო“ [POLITICO] იხსენებდა საქართველოში არსებულ „ღრმა“, „გაჭიანურებულ“ შიდაპოლიტიკურ კრიზისს; მკაფიო საერთაშორისო კრიტიკას, რომ „ქვეყანა უკან იხევს დემოკრატიული მიღწევებისგან“ და კრიზისის დასაძლევად თავად შარლ მიშელის ძალისხმევასაც, რაც „დიდწილად უშედეგო აღმოჩნდა“.

შარლ მიშელს 30 ნოემბერს ხმამაღლა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ივლისში ცალმხრივად გამოეთიშა 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში დღემდე „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი.

თუმცა, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებულ, დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ევროკავშირში გულისხმობენ სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილ მნიშვნელოვან რეფორმებს.

მოსამართლეები მაინც გაამწესეს

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კარგა ხანია ღიად თქვა უარი ევროკავშირისა და აშშ-ის მრავალ მოწოდებაზე, რომ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გატარებამდე, საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.

სწორედ ასეთ მიდგომას ითვალისწინებდა „შარლ მიშელის შეთანხმებაც“.

საქმე ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ ევროკავშირის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უარი განაცხადა წინა კვირაში პარლამენტში გამართული მოსმენების მონიტორინგზეც.

1 დეკემბერს, ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის მეორე დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილის დემარშის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ განაწესა ოთხი მოსამართლე.

ამ პროცესს მხარს არ უჭერს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი და სახალხო დამცველის აპარატი.

„სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ჩვენთვის არის პრიორიტეტული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული ლეგიტიმაციის ფარგლებში, პარლამენტს ჰქონდა სრული უფლება, რომ ჩაეტარებინა ეს პროცესი“, - უთხრა ჟურნალისტებს 1 დეკემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ის ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს სრული ლეგიტიმაცია, აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.

15 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოდან ისევ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩავიდეს. როგორც მან 30 ნოემბერს, მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სამიტს მნიშვნელოვან იმედებსა და მოლოდინს უკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა - დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ისევე, როგორც წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკზე.

  • სამიტის დეკლარაციაზე მუშაობა უკვე კარგა ხნის დაწყებულია, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერ ოქტომბერში არსებულ ვერსიაში ხაზგასმული იყო, რომ მხარდაჭერა განაწილდება დამსახურების მიხედვით, ანუ პრინციპებით „მეტი მეტისთვის“ და ასევე - „ნაკლები ნაკლებისთვის“.
  • პრინციპი „ნაკლები ნაკლებისთვის“ ნოემბრის დასაწყისში, ერთ-ერთი გამოსვლის დროს, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმაც ახსენა.

კახა გოგოლაშვილს ეეჭვება, რომ, მით უფრო ამჟამად არსებული და განგრძობადი პრობლემების ფონზე, დეკემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება ჩანაწერი საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ.

„ადრეც იყო ეს მცდელობა, მაგრამ ევროპული პერსპექტივა რომ მიანიჭონ, ამისათვის ქვეყანა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლაქების გარეშე... ყოველმხრივ და აბსოლუტურად პოზიტიურად უნდა გაფასებდნენ. იმწუთას იტყვის ზოგიერთი სახელმწიფო - ნუ, როგორ, სასამართლო რეფორმა არ გაუტარებია საქართველოს, სასამართლოს არ ენდობიან და რანაირად მივანიჭოთ ევროპული პერსპექტივა?!“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

საარჩევნო სისტემის სათუო ცვლილება

პოლიტიკური დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტი.

ასეთი განზრახვა კიდევ უფრო რეალური გახდა, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ახალი განცხადებების ფონზე.

კობახიძემ თქვა, რომ:

  • საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციისთვის გაკეთებულ „პატარა საჩუქრად“ მიიჩნევს და ჩუქება დამოკიდებული იქნება „სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე“ და მმართველი პარტიის „კეთილ ნებაზე“;
  • გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის მიერ სურვილის ჩვენებაზე, რომ „პოლარიზებული გარემო შეიცვალოს“;
  • ეს ცვლილებები, თუკი საერთოდ დაამტკიცებენ, „უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“.

საკითხის ასე დაყენება ოპოზიციას ართმევს შესაძლო ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციული წესითა და დაბალი ბარიერით ჩატარების იმედს.

პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტის თანახმად:

  • მომავალი ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით (მხოლოდ პარტიული სიების მიხედვით) ჩატარდება;
  • დაწესდება 2%-იანი ბარიერი;
  • რადგან წლები არ არის დაკონკრეტებული, ეს პირობები შეეხება შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

ეს ჩანაწერი შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ასახულ მოთხოვნას - „მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე“.

თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდება, ამჟამინდელი მოქმედი ჩანაწერის თანახმად, 2024 წლამდე ყველა არჩევნები შერეული სისტემით (120/30) ჩატარდება, რაც სპეციალისტების დიდი ნაწილის აზრით, სწორედ ხელისუფლებას აძლევს ხელს.

რას აპირებს ოპოზიცია?

როცა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი გადაწყდა და „ლელოს“ ფრაქციის დეპუტატებმა ბოიკოტი შეწყვიტეს, პარლამენტში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზნად სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დაასახელეს.

„ძალიან ეშინიათ "ქართულ ოცნებაში", რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება, როგორც კი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული... მაგრამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის იყო და იქნება, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა“, - განაცხადა 1 დეკემბერს „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება წარმოადგენს „რეფორმების ჯგუფის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს. ამ ფრაქციაში შემავალი პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - ოპოზიციამ ყველაფერი უნდა სცადოს და თუკი მაინც არაფერი გამოვა, პროცესები საგაზაფხულოდ ქუჩაში გადაინაცვლებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლას აპირებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ პარტიისთვის თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ეს ხელისუფლება არასდროს არაფერს დათმობს, თუ არ იქნება როგორც შიდა და გარე ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან... ეს ახლა არის ზონდირება მათი მხრიდან და დააკვირდებიან რეაქციებს...

ეს არის მიმართული როგორც პატარა პარტიების წინააღმდეგ, ასევე ენმ-ის წინააღმდეგაც, რადგან არჩევნებში ოპოზიცია კოალიციურად იმარჯვებს და არა რომელიმე ერთი პარტია [ვერცერთი პარტია დამოუკიდებლად ვერ შექმნის უმრავლესობას]...

გაუვათ თუ არა [ხელისუფლებას], ეს ჩვენს აქტიურობაზე და კიდევ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან “, - გვეუბნება რომან გოცირიძე.

მისი თქმით, პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, პარტია კვლავაც მზად არის მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო პროექტის შემდგომ ყველა კენჭისყრაშიც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პარტიაში სადეპუტატო მანდატების დატოვებაზეც იმსჯელებენ.

სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ენმ-ში დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო პარტნიორები რეაგირების გარეშე არ დატოვებენ არც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას და არც პირველი მოსმენით დამტკიცებული ტექსტის შეცვლას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ივლისის ბოლოს ცალმხრივად გამოეთიშა „შარლ მიშელის შეთანხმებას“, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი სექტემბერში, რის გამოც კმაყოფილება გამოხატეს საერთაშორისო პარტნიორებმა.

მათი კრიტიკა უკავშირდებოდა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან მთავარი პროკურორის არჩევის იმგვარი წესის იგნორირებას, რომელიც ასახული იყო „შარლ მიშელის შეთანხმებაში“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG