Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს იმისთვის, რომ ლეგალური გახდეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები


გურამ მაჭარაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია"ქართული ოცნების" წევრი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციის შეფასებისას ამბობს, რომ არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების, არამედ ნებისმიერი საკითხის მიღება პარლამენტში, განსაკუთრებით ისეთების, რომელთა მისაღებადაც მხოლოდ უმრავლესობის ხმები საკმარისი არ არის, ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული. „დილის საუბრებში“ გურამ მაჭარაშვილმა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად გამოყო „ნაციონალური მოძრაობა“, მისი შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელიც დეპუტატის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებით ითხოვს ანტიკონსტიტუციური ქმედებების ლეგალიზებას:

„ნაცმოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები და მათი ლიდერები პირდაპირ აანონსებენ, რომ უნდა მოხდეს რადიკალური პროცესები, რაღაცა კომიტეტები უნდა შეიქმნას სოფლებში, ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს 10 დღეში, მათი ბელადი უნდა გამოუშვან უკანონოდ ციხიდან და ასე შემდგომ. ეხლა ვის წარმოუდგენია, რომ ამ ფონზე, როდესაც პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უწოდებს თავს პოლიტიკურ ძალას, მიაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა არის დარჩენილი, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორ შეიძლება ამ ფონზე ვინმემ დაიწყოს საუბარი ან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით. გამოდის, რომ ისინი ითხოვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმისთვის, რომ მათი ეს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები როგორმე ლეგალური გავხადოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „დილის საუბრებში“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც პირობის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო, საზოგადოებამ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი და რადიკალიზმი მიიღო, რაც ხელს ვერ შეუწყობს პროცესის გაგრძელებას.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე."

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG