Accessibility links

site logo site logo

რა მოლოდინებს უკავშირდება ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტი?


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ონლაინსაუბრისას

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

„სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის წინ.

მაგრამ უფრო ადრე, რუსეთს მკაფიოდ მიახვედრეს, რომ მას ასეთ „გარანტიებს“ არავინ მისცემს და კოლექტიური დასავლეთი არც იმას დაუშვებს, რომ მოსკოვმა თავისი წესები უკარნახოს თავის მეზობელ ქვეყნებს.

და, შესაბამისად, ვიდრე რუსეთს ასეთი გარანტიები არ აქვს, თავის მხრივ, არც უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებს აქვთ ბოლომდე იმის გარანტია, რომ რუსეთი რამდენიმე თვეში მართლაც არ დაიწყებს „სწრაფ და მოულოდნელ“ იერიშს უკრაინის წინააღმდეგ, რაზეც აშშ-ის დაზვერვამ ბაიდენ-პუტინის სამიტამდე ორი დღით ადრე გაავრცელა გაფრთხილება.

ძალთა ბალანსი და კოლექტიური დასავლეთის რეაქცია

რუსეთის სავარაუდო აგრესიის წინ, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ჯარებს უკრაინის საზღვრებთან მოეპოვებათ საიმისო რესურსები, რომ სწრაფი და მოულოდნელი ინტერვენცია განახორციელონ. ეს არის დაახლოებით 175 ათასი ჯარისკაცი, გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია აამოქმედოს მომარაგების ხაზები სამედიცინო შენაერთებისა და საწვავისთვის, რაც მას სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივი ვადით წარმოების საშუალებას მისცემს, თუკი უკრაინაში შეიჭრება.

დაზვერვის სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც Washington Post-მა გამოაქვეყნა 4 დეკემბერს, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რუსეთს საშუალება აქვს, 2022 წლის დასაწყისში განახორციელოს იერიში 100 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფებით. დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ამ ქვედანაყოფების ნახევარი იმყოფება უკრაინის საზღვართან.

როგორც აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯეიმს მაკკონვილმა განაცხადა შაბათს, უკრაინის საზღვართან 95-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება.

„ეს რუსებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს, არ ვარ დარწმუნებული, რას აპირებენ. მაგრამ ჩემთვის ეს საშინელებაა... ამას საშინელი გავლენა ექნება ჩვენი ევროპელი მეგობრების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე და ამიტომ ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ“, - განაცხადა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯეიმს მაკკონვილმა 4 დეკემბერს რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმის სხდომაზე გამოსვლისას.

„საშიშროების განცდა“ უკავშირდება არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან, არამედ კრემლის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიის საომარ რიტორიკასა და თავად კრემლის წარმომადგენლების პირქუშ კომენტარებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, ღიად გააფრთხილა ევროპა, რომ უკრაინაში მასშტაბური კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში მას მიგრანტთა მორიგი კრიზისი დაემუქრება.

„უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი ისე, რომ მილიონობით უკრაინელი სხვა ქვეყნებს მიაშურებს თავშესაფრისთვის“, - განაცხადა პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“.

„გაღმა გამოდავების“ პრინციპი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტული კლიშეა, მაგრამ როდესაც ამას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე 8-წლიანი აგრესიაც ემატება, უკრაინის მიმართ სოლიდარობის განცდასთან ერთად, კიევის მოკავშირეებში გარკვეული სიფრთხილეც იჩენს თავს.

ევჰენ მაგდა
ევჰენ მაგდა

„მთლიანობაში კოლექტიური დასავლეთის რეაქციას, ჩემი აზრით, ორი შემადგენელი აქვს: პირველია უკრაინის დახმარების სურვილი, ხოლო მეორე - სურვილი იმისა, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება. და ამ ორ ასპექტს შორის ბალანსის მოძებნა იოლი არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები. ანუ ისინი აკეთებენ საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს, ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებისთვის. გერმანიის მხრიდან კი არაფერი ამის მსგავსი, რა თქმა უნდა, არ ისმის. ვფიქრობ, ეს იმის გამო ხდება, რომ ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი, მხოლოდ ხვალიდან შეუდგება თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. უფრო ზუსტად, მან გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ქმედებების გამო, მაგრამ ეს არ არის ისეთი მკაცრი განცხადებები, როგორიც მოსალოდნელი იყო. საკმაოდ პასიურია საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელსაც 2022 წლის აპრილში ელოდება რთული საპრეზიდენტო არჩევნები, ამიტომ ის საკმაოდ პრაგმატულად და მშვიდად იქცევა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ნიშანდობლივია, რომ გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სწორედ 7 დეკემბერს გააკეთა კომენტარი უკრაინის გარშემო შექმნილ კრიზისზე, მას შემდეგ, რაც გერმანიაში ახალი მმართველი კოალიციის წევრმა პარტიებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას.

პრესკონფერენციაზე შოლცი შეეხო ამჟამინდელ დაძაბულ ვითარებას რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში. მან განაცხადა, რომ გერმანიის ახალი მთავრობა გააგრძელებს უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობის მოთხოვნას და შეეცდება ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებას. შოლცის თქმით, გერმანიაში შეშფოთებული არიან ცნობებით უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის შესახებ. მისი სიტყვებით, ძალის გამოყენებით უკრაინის მიმართ მუქარა დაუშვებელია. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთ, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთო პოზიციას გაუზიარებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამშაბათის ვიდეოშეხვედრაზე. მან ასევე მხარი დაუჭირა ბაიდენის ინიციატივას მსოფლიო დემოკრატიების სამიტის თაობაზე.

„ხანგრძლივი დაპირისპირების წინასაახალწლო ეპიზოდი“

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის 7 დეკემბრის ვიდეოშეხვედრა სპეციალური არხის საშუალებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საჯარო იყო მხოლოდ ორი ლიდერის მისალმება, ხოლო ბაიდენისა და პუტინის პირისპირ საუბარი მთლიანად დახურულ ფორმატში წარიმართა.

ეს ორი ლიდერის მესამე პირდაპირი საუბარია მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვარში ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს პირდაპირი დიალოგი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს შექმნილ რთულ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, არ მისცენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა, ხოლო კრემლს სურს მიიღოს გარანტია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

მაგრამ ასეთი გარანტიის მიცემა ეწინააღმდეგება ნატოს ფუძემდებლურ კონცეფციას, რომლის თანახმად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს მისთვის მისაღები ალიანსი, ხოლო მესამე მხარე ვერასოდეს მოახდენს გავლენას ნატოს გაფართოებაზე.

„მხოლოდ უკრაინა და ნატოში შემავალი 30 მოკავშირე წყვეტენ, როდის იქნება უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად“, - განაცხადა 1 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „რუსეთს არა აქვს ვეტო, რუსეთი არ იღებს გადაწყვეტილებას და რუსეთს არა აქვს უფლება, გავლენის სფერო დააწესოს, რათა ეცადოს, გააკონტროლოს თავისი მეზობლები“.

ნოემბრის ბოლოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთი, რომ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში მას „საფასურის გადახდა“ მოუწევს.

„თუ რუსეთი ძალას გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ, მას მოუწევს ამისთვის საფასურის გადახდა, ამას შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგმა.

ასეთი განცხადება მორალურ მხარდაჭერად აღიქმება უკრაინისთვის, ისევე როგორც ბაიდენ-პუტინის სამიტი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე ისაუბრა ორმა ლიდერმა და რამდენად ხელშესახები იქნება მისი შედეგი თვალსაწიერ მომავალში.

„ძალიან ძნელია ბევრის მოლოდინი გვქონდეს ამ შეხვედრისგან, რადგან, ერთი მხრივ, ეს იყო იძულებითი ზომა და, მეორე მხრივ, მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს ჰქონდეს რეალური ინსტრუმენტები ნატოსა და აშშ-ზე ზემოქმედების მოსახდენად, ისევე როგორც საკმაოდ ცხადია ისიც, რომ ნატო არ ჩაერევა ამ კონფლიქტში. თანაც, რუსეთი მიზნად ისახავს პირველ რიგში არა უკრაინის დაპყრობას ან უკრაინის დასუსტებას, არამედ, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირისა და ნატოს დისკრედიტაცია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი დაპირისპირების თვალსაჩინო, წინასაახალწლო ეპიზოდი. ამასთან, ამ ეპიზოდს უახლოეს ხანში მოჰყვება გაგრძელება, რადგან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებზე 2022 წლის იანვარ-თებერვალში გააქტიურდება. ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიზეზს იმის სათქმელად, რომ რუსეთი სრულად იტყვის უარს თავის მისწრაფებაზე, ვიდრე, როგორც პუტინმა თქვა, იგი არ მიაღწევს ნატოსგან წერილობით გარანტიას, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

თეთრი სახლის ცნობით, 7 დეკემბერს პუტინთან საუბრის დროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისადმი აშშ-ის „ურყევი“ მხარდაჭერა, პრეზიდენტებმა ისაუბრეს ასევე ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების გაგრძელებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემაზე.

უცნობია, იყო თუ არა ვირტუალური სამიტის დროს საუბარი რუსეთის მიმართ ახალი ზომების „ყოვლისმომცველ პაკეტზე“, რომელმაც, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უნდა გაურთულოს უკრაინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღება.

„თავს ვუყრი იმას, რასაც მივიჩნევ ყველაზე მრავალმხრივ და მნიშვნელოვან ნაკრებად ინიციატივებისა, რომლებიც ძალიან, ძალიან შეუშლის ხელს ბატონ პუტინს იმის გაკეთებაში, რისთვისაც ის - როგორც ხალხი შიშობს - ემზადება“, - თქვა ბაიდენმა გასული კვირის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.

ამასთან, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი უკრაინისათვის უფრო გადამჭრელი სამხედრო დახმარების მომხრეა.

აშშ-მა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა როტაციის საფუძველზე ჯარი უნდა შეიყვანონ უკრაინის ტერიტორიაზე, რათა შეაკავონ რუსეთი, რომელიც სამხედრო მოქმედებებს მიმართავს თავისი პატარა მეზობლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა 6 დეკემბერს განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ბოლტონი, რომელსაც 2018-2019 წლებში ეკავა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მრჩევლის პოსტი, ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა უფრო მეტი საბრძოლო შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG