Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.

პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სტარეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა.

შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში“.

ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზეც. ეს ერთ-ერთი საკითხია, რის მიმართაც შეერთებული შტატებს კრიტიკული პოზიცია აქვს.

„ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და „როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგნობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით“.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მანამდე შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზსა და ენდრიუ კლაიდთან.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორს, დერეკ მიტჩელსაც. შეხვედრები ასევე გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

8 დეკემბერს გამოცემა „ფორინ პოლისისა“ და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ონლაინდისკუსიისას ერიკა ოლსონმა საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს აწუხებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

9 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს, მედიის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება სთხოვეს. კახა კალაძემ ოლსონის თანამდებობის დაზუსტება ითხოვა და შემდეგ განაცხადა:

„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ არ იცის, ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG