Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძის თქმით, საქმიანობის დროს აზრის გამოხატვა არ შეიძლება გადაითარგმნოს როგორც სკანდალი


ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ის უარყოფს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას, თუმცა მიუთითებს პროფესიული საქმიანობის დროს გამოთქმული აზრის შესახებ.

„არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ვეძებოთ სკანდალის საფუძველი, ან რაიმე სახის დაპირისპირება. მსგავსი რამ არ მომხდარა. შეიძლება, იყვნენ სრულიად მედია და საზოგადოება მშვიდად. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან დაკავშირებით მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე საკმაოდ დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ზოგადად მივიჩნევ, რომ, როდესაც ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, მნიშვნელოვანი არის ამ დარგის და ადგილის განვითარებისთვის, მოხდეს გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან, ასევე, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების შუაში მიტოვება, მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება. რასაც წარმოადგენს ის პრეზენტაციები, რომლებსაც ჩვენი სსიპ-ების მიმართულებით წარვუდგენთ ჩვენ საზოგადოებას. როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულს, მიმაჩნია, რომ ამ პრეზენტაციებზე მე უნდა ვესწრებოდე, ნაწილი მე უნდა წარვადგინო. როგორც საჯარო მოხელეს, ამის პასუხიმგებლობა მაკისრია“, - თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძე ამბობს, რომ ახალი წლიდან ახალი მინისტრი გააგრძელებს ამ პოსტზე მუშაობას. „მიმაჩნია, რომ ახალი წელი დაიწყოს ახალი ხედვით და ახალი ბიუჯეტი მართოს იმ ადამიანმა, რომელიც შემდეგ უკვე მართავს, როგორც პანდემიას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დანარჩენი მიმართულებას. მნიშვნელოვანი არის, რომ მას ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ გადაწყვეტილებებში“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ არ დაადასტურა პრემიერთან დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

„მე არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის გამოხატვა გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი, ან დაპირისპირება. გამომდინარე აქედან, დაპირისპირება ჩვენს შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, გვექნება თანამშრომლური ურთიერთობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალში“, - თქვა მან.

ტიკარაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იყო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების წინასწარ გამოცხადება, რადგან საკმარისი დრო ყოფილიყო ახალი კანდიდატურის შესარჩევად.

„კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან პანდემია არის და რიგ შემთხვევაში მინისტრები ძალიან სწრფად იცვლებიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი დაანონსებულიყო და მე გავაკეთე გუშინ განცხადება და შემდეგი სამი კვირის განმავლობაში ფორსმაჟორის გარეშე გვექნება იმის საშუალება, რომ შევარჩიოთ ახალი მინისტრი. მოხდეს ყველა იმ მნიშვნელოვანი მართვისა და, რაც მთავარია, პანდემიის მართვის გადაბარება, რადგან არ მოუწიოს შემდეგ ამ რთული ვითარების ადგილზე გარკვევა და პროცესს არ შეექმნას შეფერხება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

9 დეკემბერს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG