რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 1990-იან წლებში თავს ირჩენდა "ტაქსაობით", ანუ მგზავრები კერძო მანქანით ლიცენზიის გარეშე გადაჰყავდა. ამის შესახებ პუტინი ლაპარაკობს ფილმში „უახლესი ისტორია“, რომელსაც კვირას რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტელეარხი „როსსია 1“ აჩვენებს.
„ზოგჯერ თავის რჩენა ტაქსაობითაც მიწევდა. არასასიამოვნოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამეც იყო“, - ამბობს პუტინი ინტერვიუში, რომელიც ჟურნალისტ სერგეი ბრილიოვის შაბათის საავტორო გადაცემაშიც მოხვდა.
2018 წელს რუსეთის ლიდერი ამბობდა, რომ 1990-იან წლებში მზად იყო ტაქსის მძღოლად ემუშავა. მისი სიტყვებით, ასეთი აზრი მას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სანქტ-პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი, რომლის საარჩევნო შტაბის უფროსიც მაშინ პუტინი იყო, 1996 წელს გუბერნატორის არჩევნებში დამარცხდა.
ახალ ფილმში არაფერია დაზუსტებულად ნათქვამი იმაზე, თუ კერძოდ როდის ირჩენდა პუტინი თავს "ტაქსაობით". ამასთან პუტინის სიტყვებით გამოდის, რომ მას არ მოუწია მგზავრების ტაქსით გადაყვანა, ვინაიდან მალე სამუშაოდ მოსკოვში დაუძახეს. 2000-იან წლებში პუტინი ასევე იძახდა, რომ მზად იყო ტაქსისტად მუშაობა დაეწყო 1991 წლის აგვისტოში, „გეკაჩეპეს“ გამარჯვების შემთხვევაში.
1991 წლის 20 აგვისტოს საბჭოთა კავშირში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. საბჭოთა კომპარტიის რეაქციულმა ძალებმა მიხეილ გორბაჩოვის გადაყენება გადაწყვიტეს. ეგრეთ წოდებულმა ”გეკაჩეპემ” ძალაუფლება მხოლოდ 3 დღით შეინარჩუნა, მაგრამ სწორედ ეს მოვლენა გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის საბაბი - გადატრიალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს
ფილმში „უახლესი ისტორია“ პუტინი უკიდურესად ნეგატიურად ლაპარაკობს საბჭოთა კავშირის დაშლაზე, რომელსაც იგი უწოდებს „ისტორიული რუსეთის დაშლას“, რასაც შედეგად მოჰყვა იმის დაკარგვა, „რაც ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა".
დაწერეთ კომენტარი