Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი იაკობი: დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ... იმედით ვარ აღსავსე შერიგებაზე


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კვლავ საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს და ამისთვის ყველა მხარეს ეკლესიაში შეკრებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს პროცესი მძიმე იქნება, თუმცა ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ მან ქადაგების დროს ისაუბრა.

"ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ... განა არ შემიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო... დღეს მთავარია, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა...

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას...

იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით... ვხედავ, რომ ჩვენ ერს ერთად ყოფნა უნდა...

როგორღაც უნდა შევიყვაროთ ქართველებმა ისევ ერთმანეთი, რომ უარესი არ დაგვემართოს და ვფიქრობ, ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვნახავთ, საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების შემდეგ ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვინც ქართველია და ვისაც საქართველო უყვარს, შეიძლება ვიღაც იყოს შემოპარული და იმას თუ ეწყინება, ეწყინოს...

უნდა დავსხდეთ, მძიმე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა სათქმელს ვიტყვით და იმასაც მივაღწევთ, რომ ღმერთმა გულებიც გაგვითბოს, გონებაც გაგვინათოს და გონიერი გულით მივუდგეთ ყველაფერს", - თქვა მეუფე იაკობმა.

ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ამ აზრს არ იზიარებს, "რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა".

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG