Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა


ორჭიდის ჯამში რევაზ დავითაძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ორჭიდის ჯამში რევაზ დავითაძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. შოთა მიშველიძის სამ ვერცხლს დღეს რევაზ დავითაძემ თითო ვერცხლი და ბრინჯაო მიამატა.

დავითაძე კონკურენციაში 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩაება და პირველ მოძრაობაში - ატაცში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, სამი წარმატებული ცდით და 171 კილოგრამით. აკვრაში კი, 23 წლის ქართველმა ძალოსანმა გადამწყვეტ, მესამე ცდაზე ვერ შეძლო შტანგის აწევა და მეორე მოძრაობა სამეულს მიღმა ჩაამთავრა.

ორჭიდის ჯამში რევაზ დავითაძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 370 (171+199) კილოგრამით. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა სამხრეთკორეელმა დონგჯუ იუმ, ვერცხლს კი უზბეკი სარვარბეკ ზაფარჟონოვი დაეუფლა. დავითაძეს ორივემ ერთადერთი კილოგრამით გაუსწრო.

მსოფლიოს ჩემპიონატი 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს ნაკრებს კიდევ არაერთი მედლის მოპოვების რეალური შანსი მიეცემა. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს შეჯიბრების დასკვნითი დღე, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონის მეხუთე ტიტულს უნდა შეუტიოს. შეგახსენებთ, ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG