ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მომავალ წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამართვას გეგმავს, თანამდებობიდან გადააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია იერმოშინა და მის ნაცვლად ამ პოსტზე დანიშნა განათლების მინისტრი, კომუნისტი, იჰარ კარპენკო.
ლიდია იერმოშინა, ლუკაშენკას ძველი თანამებრძოლი, 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. ოპოზიცია მას ადანაშაულებს ყველა დონის არჩევნების დროს დაშვებულ კანონდარღვევებში, რითიც ლუკაშენკას რეჟიმი 26 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ძალაუფლებას.
ბელარუსის ხელისუფლებას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა გახდა იერმოშინას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ცნობილია, რომ მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე შეცვლის იჰარ კარპენკო, ქვეყნის განათლების მინისტრი, რომელიც ლუკაშენკასადმი ლოიალურად განწყობილი ბელარუსის კომუნისტური პარტიის ლიდერია.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სწორედ ახალი თავმჯდომარით მოუწევს იმ რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კონსტიტუციის ცვლილების მიზნით ჩაიფიქრა.
ერთი თვის წინ ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის თაობაზე რეფერენდუმი არაუგვიანეს 2022 წლის თებერვალში გაიმართება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ მოჰყავს ლუკაშენკას მიერ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დროს ნათქვამი ფრაზა, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობის დროს სარედაქციო საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს გამოცდილება და უმცირესობის მოსაზრება.
ამასთან, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარშემო სადავო მომენტები კვლავ რჩება.
ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება გააჭიანუროს ხელისუფლებაში დარჩენის პროცესი.
ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.
დაწერეთ კომენტარი