Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი შერიგების პროცესში საპატრიარქოს ჩართვას მიესალმება


გიული ალასანია
გიული ალასანია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებით 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გიული ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა შერიგების შესახებ ინიციატივაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების პოზიციას.

შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს ეპისკოპოსების განცხადებაზე, გიული ალასანიამ უპასუხა: „ფიქრობს, რომ საპატრიარქოს ჩართვა იქნება ძალიან კარგი“.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, „თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას..."

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ამ აზრს არ იზიარებს, "რადგან ქვეყანაში ღირებულებათა შეუთანხმებლობაა".

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG