Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე გიორგაძის თქმით, 14 დეკემბრიდან სააკაშვილის კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება


გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან, ერთკვირიანი ინტერვალის შემდეგ, გეგმურ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო კონსილიუმის წევრები, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე და ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე.

გამოკვლევების გაცნობის შემდეგ ნინო შარაშენიძემ თქვა, რომ „პაციენტს ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი აქვს. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება“.

სააკაშვილმა ელენე გიორგაძის მიერ შემუშავებული საკვების მიღების პროგრამა დაამთავრა. როგორც შარაშენიძემ თქვა, მას რაიმე განსაკუთრებული დახმარება კონსილიუმის წევრების მხრიდან არ სჭირდება, მასთან მუშაობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, დღეიდან, 13 დეკემბრიდან, მასთან მუშაობს მეთოდისტი. კონსილიუმის წევრის თქმით, მან შეისწავლა პაციენტის მდგომარეობა და, სავარაუდოდ, ის გაწერს გეგმას, შემდგომში როგორ უნდა გააქტიურდეს პაციენტი.

ელენე გიორგაძის თქმით, ხვალიდან, 14 დეკემბრიდან, მიხეილ სააკაშვილს კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება. ის გადავა ჩვეულებრივ, გაფართოებულ კვებაზე. ენდოკრინოლოგმა მასთან მუშაობა დაასრულა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG