ქობულეთის საკრებულოში, ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის შენობასთან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, გამართეს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და პარტიის მხარდამჭერებმა.
საკრებულოს შენობაში მობილიზებული იყო პოლიცია.
როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
საკრებულოს წევრებმა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.
"გვინდოდა ბიუროს სხდომაზე შესვლა და კონკრეტული კითხვების დასმა "ქართული ოცნების" მიმართ, თუ რა ფაზაშია ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის საკითხის გამოძიება. აპირებენ თუ არა ისინი ზოგადად ამაზე განცხადების გაკეთებას. ამავდროულად, გვინდოდა დავით მჭედლიშვილისთვის კითხვის დასმა, მიშასთან ერთად 2012 წლამდე რომ დაპარპაშებდა ევროპაში და სხვადასხვა ქვეყანაში, მიშა სწორედ მათი ხარჯების გამო ზის ციხეში და პუტინის პირადი პატიმარია. მაინტერესებს პირადად დავით მჭედლიშვილისგან, რამდენი ბოთლი "რედბული" მიირთვა და რამდენი ჭიქა ყავა დალია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რადგან იმ ხარჯების გამო დღეს ჩვენი პრეზიდენტი ზის ციხეში და იხდის უკანონო სასჯელს. დავით მჭედლიშვილი "ქართული ოცნების" მეშვეობით გადავიდა მოწინააღმდეგე ბანაკში და არის "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე", - უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა ლაშა კომახიძემ.
მოგვიანებით შენობაში მხოლოდ საკრებულოს წევრები შეუშვეს, პარტიის მხარდამჭერებს კი სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა განმარტა, რომ სხდომაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვინც რეგისტრაციას გაივლიდა.
"ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბიუროს სხდომა იყოს ჩაკეტილი, მაგრამ არ გაუვლიათ რეგისტრაცია. მე ვერ გეტყვით, რატომ ტარდება აქცია. პოლიცია გამოიძახეს, ალბათ, აქციიდან გამომდინარე. მე არ ვარ საერთოდ საქმის კურსში, სად დგას პოლიცია. ჩვენ ჩავატარეთ ბიუროს სხდომა სრული წესრიგის დაცვით. რა მოხდა ქუჩაში, რა მოხდა კარებში, მე ამას ვერ ვაკონტროლებ ბიუროს სხდომიდან“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს მუშაობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა:
„ფაქტი, რომელიც მოხდა, იყო პირდაპირ მიმართული იმაზე, რომ შოუ დადგმულიყო და დაიდგა, ალბათ, კიდეც. ცილიც დამწამეს, რომ მე თითქოს პრეზიდენტთან ერთად დავდიოდი მივლინებებში და ა.შ. აბსოლუტურად კავშირში არაა დღევანდელობასთან და ეს არის სიცრუე, იმიტომ, რომ ვიყავი კოლეჯის დირექტორი, ვაგრძელებ დღეს დღევანდელ თანამდებობაზე საქმიანობას.“
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეული ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას, პარტია "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან "ქართულ ოცნებაში" და ამბობენ, რომ ამორალურია ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია.
დაწერეთ კომენტარი