Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: ფაშინიანმა და ალიევმა ევროკავშირის შუამავლობით „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები გამართეს


მაგიდასთან მარცხნიდან: შარლ მიშელი, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. ბრიუსელი 14 დეკემბერი.
მაგიდასთან მარცხნიდან: შარლ მიშელი, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. ბრიუსელი 14 დეკემბერი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის შუამავლობით „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები გამართეს ბრიუსელში, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

წუხანდელმა სამმხრივმა შეხვედრამ ოთხ საათზე მეტ ხანს გასტანა და 14 დეკემბერს ღამით დასრულდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ დაიძლიოს მხარეებს შორის შარშანდელი ომის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობა და როგორ შეუწყონ ხელი ვითარების მოგვარებას დიპლომატიის გზით.

2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ექვსკვირიანი ომი წარმოებდა მთიან ყარაბაღზე კონტროლისთვის. საბრძოლო მოქმედებებს 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ რუსეთის შუამავლობით მიღწეულ იქნა საზავო შეთანხმება, რომლის ძალითაც სომხებმა დაკარგეს მათ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების ნაწილი მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილია და ძირითადად სომხებითაა დასახლებული. 90-იანი წლების დასაწყისიდან მასზე სომხურმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი.

15 დეკემბრის შეხვედრაზე ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ „შემდგომი ხელშესახები ნაბიჯებია“ საჭირო, რათა შემცირდეს დაძაბულობა და ხელსაყრელი ატმოსფერო შეიქმნას დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე, ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

მიშელის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე შეთანხმდნენ, - და ეს შეიძლება გარღვევა იყოს, - რომ დაიწყონ ორ ქვეყანას შორის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების, მათ შორის რკინიგზის ხაზისა და საბაჟო კონტროლის შესაძლო აღდგენის პროცესი.

როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, ფაშინიანმა და ალიევმა დაადასტურეს შეთანხმება რკინიგზის მუშაობის აღდგენის შესახებ. „რკინიგზა იმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო წესების შესაბამისად, ორმხრივ საფუძველზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის მიხედვით. სომხეთს რკინიგზით წვდომა ექნება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და რუსეთის ფედერაციასთან“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG