Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მიდის და ვინ - არა პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაზე


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი თანხმდება, ნაწილი კი უარს ამბობს. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისიძებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.

შეხვედრას დაესწრება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

"პრეზიდენტის საახალწლო მოწვევა არის ნორმალური ჟესტი და იქ იქნება ჩვენი წარმომადგენელი და რაც ვიცი, რამდენიმე პარტია. რა დღის წესრიგი იქნება, იქ ნახავენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები..." - თქვა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციიდან უკვე ცნობილია, რომ საახალწლო ღონისძიებაზე მივლენ "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები.

"როგორც ვიცი, ამ შეხვედრას ოფიციალურ დონეზე არ აქვს პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისარგებლებთ ამით და თუ ვინ წავა ამ ღონისძიებაზე, საღამოს გადავწყვეთ", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ.

რადიო თავისუფლებამ "ლელოს" პრესსამსახურისგან შეიტყო, რომ მათი წარმომადგენელი შეხვედრას აუცილებლად დაესწრება, თუმცა პარტიის რომელიმე წევრთან ამ ეტაპზე დაკავშირება ვერ მოხარხდა. ცნობილია, რომ დამატებით, "ლელოსთან" ერთად საპარლამენტო კოალიციაში მყოფი დეპუტატი სალომე სამადაშვილიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იქნება.

"მიმაჩნია, რომ შანსი უნდა მივცეთ მოლაპარაკებების პროცესს და მაინერესებს, ის როგორ ხედავს ამ პროცესის წარმართვას, ამიტომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი ჟესტია ამ შეხვედრაზე ჩემი და სხვა ოპოზიციონერების დასწრება. ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ იქედან გამოვალთ კონკრეტული სამოქმედო გეგმით", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

საახალხო ღონისძიების მონაწილე იქნება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაც.

შეხვედრას არ დაესწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. რადიო თავისუფლება ცდილობს "ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერის ჩაწერას.

"სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც ადგილი ექნება უახლოეს მომავალში", - თქვა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

საახალწო განწყობა დაასახელა მიზეზად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც, რის გამოც ის ამ შეხვედრას არ დაესწრება.

"დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი... სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება "ოცნების" წარმომადგენლებთან... ეს ჩემთვის თამაში გამოვა... არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ", - დაწერა ელენე ხოშტარიამ "ფეისბუკზე".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ დაიძაბა. ამ ფონზე სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბრი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".

XS
SM
MD
LG