Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოსვლას. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი წერს 21 დეკემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ.

„მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ", - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი მიმართავს თავის მხარდამჭერებს. „ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!" - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას 13 დეკემბერს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექსპრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, აქცია მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.

მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG