Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის გლდანში გადაყვანაზე


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, შეეხო მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანის საკითხს. მისი თქმით, "შეუძლებელია ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში" და მიხეილ სააკაშვილიც კანონის დაცვით, მისივე ჯანმრთელობისა და ინტერესების დასაცავად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მინისტრის თქმით, უარი თქვა მკურნალობაზე და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.

"განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და არა გატაცება, როგორც სრულიად აბსურდულად ამტკიცებდნენ ჩვენი ოპონენტები. როგორ შეიძლება ადამიანი გატაცებული იყოს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში?! ეს არის აბსურდი. ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზეც, მიღებული იყო ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ ის საჭიროებდა შესაბამის მკურნალობას.

როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი ძალიან მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებდა სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა? ბუნებრივია მის ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა, თავიდან აგვერიდებინა შესაძლო გართულების რისკები, სწორედ ამ მიზნით იყო გადაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

პარალელურად არსებობდა შესაბამისი დასკვნა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალისგანაც და თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა", -
თქვა იუსტიციის მინისტრმა. მისი ვერსია სააკაშვილის გადაყვანის შესახებ განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის მონათხრობისგან, რომლის მტკიცებითაც ის რუსთავიდან გლდანის ციხეში მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით გადაიყვანეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

იმ დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში გადაიყვანეს, ის კონსილიუმის წევრ ექიმებს არ შეხვდა არა იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ არ იცოდა, თუკი მას ელოდებოდნენ - ციხის თანამშრომლებმა მას გადაყვანისას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ - ამგვარია მიხეილ სააკაშვილის მონათხრობი, რომელიც მასთან გლდანში პირველი შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა გააჟღერა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების თემაზეც, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდარღვევად ცნო. რატი ბრეგაძემ კადრების გასაჯაროება ახსნა იმით, რომ ამისკენ მოუწოდებდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის ადვოკატები და მედია, პარალელურად კი "დეზინფორმაციას ავრცელებდნენ", თითქოს ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

"აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას. ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში. ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლებამოსილება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს სულ ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეყავდათ", - ასე აღწერა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის რეანომობილიდან გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში მდებარე კლინიკის პალატაში შეყვანის ამბები. კადრებში, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა, ჩანს, როგორ მიათრევენ ყოფილ პრეზიდენტს ლიფტში, დერეფნებში და ბოლოს, პალატაში. პალატაში შეყვანისას მას ზედა ტანსაცმელი თითქმის აღარ აცვია.

"შესაძლებელია ვინმეს ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როცა ვინმე ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიიტანოს ასეთი სახის იერიში, რომ მის მიმართ გაჩნდეს ასეთი უნდობლობა, ვინმე ადგეს და მოინდომოს ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას და თან ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნას, ბუნებრივია, ამ გარემოებათა კომპლექსური შეჯერების საფუძველზე სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე და, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი და ვიმოქმედეთ სწორედ ამ საჯარო ინტერესის ფარგლებში. ეს არის ის, რაც მე ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მოფიქრალ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. თუ ვინმეს ეს არ მოწონს, გასაგებია, მე ვერავის გემოვნებაში ვერ ჩავერევი", - თქვა რატი ბრეგაძემ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG