Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ბრალდებით


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პირები დააკავეს თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“. ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, დაკავებული არიან 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG