Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა ჰოსპიტლიდან მიმართა დაბადების დღის მისალოცად შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს


გორის სამხედრო ჰოსპიტალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა დაბადების დღე გორის ჰოსპიტალთან გამავალი ქუჩიდან მიულოცეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ისინი არ მისულან ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჰოსპიტლის შესასვლელია, არამედ შეიკრიბნენ აღმაშენებლის გამზირზე. ამ მხარეს არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის პალატა, რომელსაც საკნის დატვირთვაც აქვს.

მხარდამჭერებმა ჰაერში ფრანები გაუშვეს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ისმოდა შეძახილები: „მიშა! მიშა!“

გისოსებს მიღმა მყოფი ექსპრეზიდენტი მომხრეებს გამოეხმაურა და მათ სიტყვითაც მიმართა. თავდაპირველად მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა ფრაგმენტულად გაიგეს სააკაშვილის სიტყვები: „საქართველო იქნება თავისუფალი!“ „არაფრის არ შეგეშინდეთ!“ „დიდი მადლობა მთელ საქართველოს!“ „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გამარჯვებულები!“ „მთავარია ერთიანობა!“ „არ შეშინდეთ, ბოლომდე შეტევა!“ „მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე!“ „ძირს დიქტატურა!“ „ძირს ოლიგარქი!“ „ძირს ძალადობა!“ „ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი მისი ბანდა ვერ დაგვამარცხებს!“

მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 54 წლის გახდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG