Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პარლამენტმა სიკვდილით დასჯა გააუქმა


ყაზახეთის ერთ-ერთი ციხე
ყაზახეთის ერთ-ერთი ციხე

ყაზახეთის სენატმა ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის, გამოყენებას ითვალისწინებდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც სიკვდილით დასჯის აკრძალვის კანონს ჯერ კიდევ იანვარში მოაწერა ხელი.

ქვეყნის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ შესაბამის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით სიკვდილმისჯილებს უმაღლესი ზომა უვადო პატიმრობით შეეცვლებათ.

ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა დაახლოებით 17 მუხლი, მათ შორის უმაღლესი ზომით ისჯებოდა ტერორიზმი, ომის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაული და ქვეყნის პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ ხელმძღვანელ ნურსულთან ნაზარბაევის სიცოცხლეზე ხელის აღმართვა.

2003 წლიდან ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული იყო მორატორიუმი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებს ჩვეულებრივად გამოჰქონდათ სასჯელის უმაღლესი ზომა. უკანასკნელად სიკვდილით დასჯა ყაზახეთში მიესაჯა რუსლან კულეკბაევს, ალმა-ათაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულს, რომლის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ქალაქის ცენტში 10 ადამიანი ემსხვერპლა.

სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მრავალ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოქმედებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება, ბელარუსია, სადაც 1990-იანი წლებიდან 400-ზე მეტი მსჯავრდებული დახვრიტეს.

XS
SM
MD
LG