Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ გეგმავს თავდასხმას


ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიზოვმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო შეჭრას. მისი განცხადების ფონია მზადება იანვარში დანიშნული მოლაპარაკებისთვის, რომელზეც მოსკოვის უსაფრთხოების წინადადებები უნდა განიხილონ.

ჩიზოვმა გერმანიაში გამომავალ გაზეთთან, Welt-თან ინტერვიუში განაცხადა: "გარწმუნებთ, რომ ამჟამად რუსეთის არცერთი სამხედრო დანაყოფი არ ემზადება უკრაინაში შესაჭრელად". მისი თქმით, რუსეთს სურს მხარდაჭერა აღმოუჩინოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსულენოვან ხალხს, თუმცა ელჩი დასძენს, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს, საამისოდ სამხედრო საშუალებებს გამოიყენებსო.

უკრაინის აღმოსავლეთთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდამ შეშფოთება გამოიწვია უკრაინაში, ნატოში, აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებში. მოსკოვი უგულებელყოფდა დასავლეთის შეშფოთებას სამხედრო ძალის ზრდის თაობაზე და აცხადებდა, რომ მას ჰქონდა უფლება ძალები თავის ტერიტორიაზე სურვილისამებრ განეთავსებინა.

22 დეკემბერს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მომავალი წლის დასაწყისში განიხილავენ მოსკოვის უსაფრთხოების წინადადებებს, რომლებიც მოიცავს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დასრულების და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო ქმედებების შეზღუდვის მოთხოვნებს. ლავროვის თქმით, იანვარში რუსეთი ნატოსთან და ეუთოსთანაც დაიწყებს მოლაპარაკებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG