Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი", - ნიკა მელია განცხადებას აქვეყნებს


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო, განცხადებას აქვეყნებს. „ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი", - ამ სიტყვებით იწყება მელიას განცხადება და ეხმაურება შიმშილობის მასობრივი აქციის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა

2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას - გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს

3. რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა

4. მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო

5. პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით

6. არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით" - შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის - გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც

რა თქმა უნდა, შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!

7. განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს - ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ

8. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო „სტრატეგიულ არაფრისკეთებას" და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა - პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!

9. არჩევნებს უარვყოფთ? არა - პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ

10. შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს

11. ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუმდივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს - ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ…" - ვკითხულობთ ნიკა მელიას განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობა პარტიის მხარდამჭერებმა და პოლიტიკოსებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ 21 დეკემბერს თბილისში მიმდინარე აქციაზე, რუსთაველის გამზირიდან მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. ნიკა მელიამ თქვა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ამბობს, რომ 180-მდე ადამიანი შიმშილობს ამ ეტაპზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG