Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მგზავრობა არ ძვირდება, ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ ვიტყოდი


თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება. მისი თქმით, მგზავრობის გაძვირებაზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზიები ცდილობენ "მესიჯების დანერგვას". ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ხო იცით, როგორც ხდება ხოლმე. "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზიები ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკვიდრებას და საზოგადოების აზრში დალექვას. როგორც კი განცხადება გავაკეთე ამ ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაშინვე დაიწყეს მესიჯის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება.

არ ძვირდება, მეგობრებო. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება. მაგრამ არ არის ასე", - განაცხადა კალაძემ.

1 თებერვლიდან თბილისში მგზავრობის საფასურის გადახდის წესი და პირობები იცვლება. თუკი აქამდე "საერთო სატრანსპორტო სისტემაში" ჩართული ტრანსპორტით მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში 50 თეთრი ღირდა, ახლა 1 ლარი ხდება.

1 თებერვლიდან მოქმედი ახალი ტარიფები (მეტრო + ავტობუსი + "ლურჯი მარშრუტკა") იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი - 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი - 250 ლარი.

თბილისის მერი ამბობს, რომ 900 ათასზე მეტი მგზავრიდან 53 პროცენტი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობს. მათთვის უცვლელი რჩება გადახდის სისტემა. მერი აცხადებს, რომ მათ უფრო მომგებიანი პირობებით შეეძლებათ მგზავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG