თანამდებობა დატოვა აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაკალათიამ. მან ოფიციალურ მიზეზად ის დაასახელა, რომ აბაშაში მუშაობა ამოწურა.
„მივიღეთ 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. მე სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იყო რთული არჩევნები, დავალაგეთ საკრებულოები, ბრჭყალებში”, - უთხრა მედიას ლევან მაკალათიამ, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით საკრებულოს აპარატს დღეს, 24 დეკემბერს მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკალათია აბაშაში მის მუშაობას ამოწურულს უწოდებს, საკრებულოს წევრად რჩება. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ არის მისი გადადგომის მიზეზი თანაპარტიელებთან დაპირისპირება, ლევან მაკალათიამ უპასუხა, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა: „მე ვიყავი ყოველთვის "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად”.
აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ ყოფილი მერი ლევან მაკალათია თავმჯდომარედ პირველივე სხდომაზე, 3 დეკემბერს აირჩია. ვინ შეცვლის მაკალათიას და როდის, ჯერჯერობით უცნობია. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას შეასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, აბაშის 30-წევრიან საკრებულოში 18 წევრი ჰყავს "ქართულ ოცნებას”, 8 - “ნაციონალური მოძრაობას”, 2 - “საქართველოსთვის”, 1 - “ლეიბორისტულ პარტიას” და 1 - “გირჩს”.
დაწერეთ კომენტარი