Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა მოუწოდებს ერევანს, რომ აზერბაიჯანს გაწვდილი ხელი ჩამოართავს


ჰულუსი აკარი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი

ანკარა მოუწოდებს ერევანს, რომ რეგიონში სტაბილურობის დამყარების მიზნით, მეზობელ აზერბაიჯანს გაწვდილი ხელი ჩამოართვას.

„აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სომხეთს ხელი გაუწოდეს. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს ჩამოართვას გაწვდილი ხელი, რათა დაუყოვნებლად დამყარდეს სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში, ადამიანებმა შეძლონ უსაფრთხოდ ცხოვრება“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰუსული აკარმა, ერთ-ერთი დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროს ოჯახის მონახულების დროს განაცხადა.

თურქეთი, აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი და უახლოესი მოკავშირე, დაინტერესებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებითა და სომხეთზე გამავალი კომუნიკაციების გახსნით.

"ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმემ ხელი აღმართოს ჩვენს მიწა-წყალზე. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია უცხო მიწაზე“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG