Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აპარტეიდთან მებრძოლი სამხრეთაფრიკელი არქიეპისკოპოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი დეზმონდ ტუტუ


90 წლის ასაკში გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკელი არქიეპისკოპოსი, დეზმონდ ტუტუ - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და სამხრეთ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში თეთრკანიანთა უმცირესობის ბატონობასთან ვეტერანი მებრძოლი.

დეზმონდ ტუტუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 26 დეკემბერს გამოაქვეყნა არქიეპისკოპოსის ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამფელა მამფელემ, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებების ვეტერანი დამცველი კეიპტაუნის საავადმყოფოში, მშვიდ ვითარებაში გარდაიცვალა. მამფელეს ტუტუს სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ტუტუს გარდაცვალებას გამოეხმაურა სიტყვებით - "ეს არის დანაკარგის მორიგი თავი, რომლითაც ჩვენი ერი ემშვიდობება ბრწყინვალე სამხრეთაფრიკელების თაობას - მათ, ვინც ჩვენ გათავისუფლებული სამხრეთ აფრიკა გადმოგვილოცა".

უწინ კეიპტაუნის მოქმედი სასულიერო პირი, არქიეპისკოპოსი ტუტუ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთაფრიკელი პირი იყო მის ქვეყანაშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც. ის იყო აპარტეიდთან მებრძოლი გმირის, ნელსონ მანდელას თანამედროვე და წარმოადგენდა წამყვან ძალას რასობრივი სეგრეგაციის და დისკრიმინაციის იმ რეჟიმის დასრულებასთან ბრძოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შავკანიან უმრავლესობას თეთრკანიანმა უმცირესობამ დაუწესა 1948-1991 წლებში.

აპარტეიდთან არაძალადობრივი დაპირისპირებისთვის ტუტუმ 1984 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ათწლეულის შემდეგ, ის მომსწრე გახდა აპარტეიდის სისტემის დასრულებისა და უხელმძღვანელა სიმართლისა და შერიგების კომისიას, რომლის მიზანი იყო აპარტეიდის დროს ჩადენილი სისასტიკის გამოვლენა.

XS
SM
MD
LG