Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე პოლარიზაციის შემცირების გზად მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებას


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მთავარი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაა.

დღეს, 27 დეკემბერს, საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არიან მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ყველა იმ წამოწყებაში, რომელთა მიზანი იქნება ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება.

კობახიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა დააზუსტა, რომ მის მიერ ინიცირებული პროცესი არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების შერგებას და მიზანი საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მიზანი საკმაოდ ამბიციურია და რთული იქნება პროცესიც: „პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და ალბათ, უმჯობესია, რომ დეტალებთან დაკავშირებით მან თავად ისაუბროს. ეს არის მისი პრეროგატივა“.

თავად ირაკლი კობახიძის შეფასებით, სამომავლოდ პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება:

„როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს(მიხეილ სააკაშვილს), რომელმაც ჩაიდინა ქვეყანაში ცხრა წლის მანძილზე და შემდეგაც, უამრავი დანაშაული და ამ დანაშაულთა ნაწილი იყო, მაგალითად, არაერთი მედიასაშუალების მიტაცება უმძიმესი - მოროდიორული და ყაჩაღური ფორმებით. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ათი ათასობით ადამიანისთვის ქონების, ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და გაუპატიურება. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთი რეჟიმის ავტორს და ბელადს უწოდებენ დევნილს, ასეთ პირობებში რთულია მომავალზე საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მნიშვნელოვანია დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და დანაშაულს დაერქვას დანაშაული“.

კობახიძის თანახმად, "ქართული ოცნება" საუბრობს არა შეთანხმებაზე, არამედ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე და ამის მისაღწევად შესაძლოა, სხვადასხვა გზა არსებობდეს: "მე მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, ეს არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც არის რეალურად დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა".

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე არის "მორღვევის და მოშლის" ტენდენცია, ტემპიც კარგია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს პარტია მაქსიმალურად დასუსტდეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მეორე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG