Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში განახლდა მოლაპარაკება ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად


27 დეკემბერს ვენაში განახლდა მოლაპარაკება, რომლის მიზანია ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენა. შეხვედრაზე თეირანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება უნდა შეეხოს ირანისთვის სანქციების მოხსნას.

ვენის მოლაპარაკებების მერვე რაუნდის დაწყების შესახებ ტვიტერით დაწერა ალან მატონმა, ევროკავშირის პრესმდივანმა, რომელიც დისკუსიებს ხელმძღვანელობს. წინა, მეშვიდე რაუნდი - რომელიც პირველი იყო მას მერე, რაც ირანის პრეზიდენტი რადიკალური შეხედულებების მქონე ებრაჰიმ რაისი გახდა - 17 დეკემბერს დასრულდა, მას შემდეგ, რაც თეირანმა სამუშაო ტექსტს ახალი მოთხოვნები დაუმატა.

მოლაპარაკების განახლების წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბირ-აბდოლაჰაინმა თქვა, რომ დღის წესრიგმა უნდა მოიცვას "გარანტიების საკითხი" და იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ სანქციებს მოხსნის, თუკი ვაშინგტონი ხელშეკრულებას დაუბრუნდება. "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივაღწიოთ სტადიას, როცა, უწინარესად, ირანის ნავთობის გაყიდვა ადვილი გახდება და შეფერხების გარეშე წარიმართება", - ამირ-აბდოლაჰიანის ამ სიტყვებს ირანის მედია ავრცელებს.

აშშ მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. თეირანმა, პასუხად, თანდათან გააძლიერა თავისი ბირთვული პროგრამა და ურანის გამდიდრების პროცესი, ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების მიღმა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანიშნებს, რომ დაუბრუნდება ხელშეკრულებას, თუკი ირანი მის პირობებს უერთგულებს.

ხელშეკრულებით შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG